Credit Suisse-ი ბიძინა ივანიშვილს სასამართლოში უჩივის

“საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ლონდონის სასამართლოში შეტანილი Credit Suisse -ის სარჩელის მოპასუხე გახდა“ - ამის შესახებ რუსული forbes Bloomberg -ზე დაყრდობით წერს.

შვეიცარიის ბანკმა Credit Suisse-მა ლონდონის სასამართლოში ქართველი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ინვესტორების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მოსარჩელე უკმაყოფილოა იმით, რომ ბანკის ყოფილი მენეჯერის პატრის ლესაკადრონის და კონსულტატორ პიარ კომპანიის გამო ფული დაიკარგა. სასამართლო პროცესი 29 აპრილს, ლონდონში გაიმართება.

“Credit Suisse-ს სურს, მილიარდერს და სხვა ბრალდებული პირებს, რომლებმაც თაღლითობაში გასამართლებული ლესკადრონის შესახებ მომზადებული, შვეიცარიის საბანკო მარეგულირებლის (FINMA) ანგარიშის ასლის გამოქვეყნება გადაწყვიტეს, სამართლებრივად აგებინოს პასუხი“ - წერს Bloomberg-ი.

The Wall Street Journal ის ინფორმაციით, ბანკმა მისი თანამშრომლის მხრიდან დარღვევების შესახებ, ბრალის წაყენებამდე რამდენიმე წლით ადრე იცოდა. ანგარიში CSVictims.com– ზე თებერვალში გამოქვეყნდა. ბლუმბერგის ინფორმაციით, ამ პორტალს პიარ სააგენტო “Metigen“ მართავს. სააგენტოს დირექტორის ჩარლი ვიგანის თქმით, დავა უშუალოდ FINMA– ს ანგარიშის გარშემო მიმდინარეობს, დოკუმენტის შინაარსი კი საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს, რადგან ჰეჯ-ფონდის Archegos Capital–ის დაშლის შედეგად Credit Suisse–მა ზარალი განიცადა.

Bloomberg-თან კომენტარის გაკეთებაზე Credit Suisse–მა და FINMA–ს წარმომადგენლობამ უარი განაცხადეს.

Credit Suisse- მა დაარწმუნა სასამართლო, რომ ანგარიშის გამოქვეყნებამდე დოკუმენტი გასაიდუმლოებული ყოფილიყო. Metigen კი ცდილობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მოიხსნას, რადგან არსებული გადაწყვეტილება მას CSVictims.com– დან დოკუმენტის აღებას ავალდებულებს.

ივანიშვილი ლონდონის სასამართლო პროცესის ერთ-ერთი მოპასუხეა. იგი ინვესტორებიდან ერთ-ერთია, რომელმაც ლესკადრონის თაღლითური ქმედებების გამო ზარალი განიცადა და თვლის, რომ ბანკმა ნაწილობრივ მაინც უნდა აგოს პასუხი მისი ყოფილი მენეჯერის გამო.

თავად Credit Suisse-ის ყოფილ მენეჯერს პატრის ლესკადრონს თაღლითობისა და გაყალბებისთვის 2018 წელს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მან აღიარა, რომ ფარული გარიგებებისთვის ყალბი ხელმოწერები დაადასტურა. საბოლოოდ, WSJ -ის ინფორმაციით, რომელიც ჟენევის სისხლის სამართლის სასამართლოს დოკუმენტებიდან ციტირებს, მენეჯერმა 150 მილიონ დოლარზე მეტი დაკარგა.

2018 წელს FINMA– მ Credit Suisse ზედამხედველობისა და კონტროლის არარსებობის გამო გააკრიტიკა. თავის მხრივ, Credit Suisse–მა განაცხადა, რომ ლესკადრონის თაღლითური საქმიანობის შესახებ მხოლოდ 2015 წლის სექტემბერში შეიტყო.

“2016 წელს გამოქვეყნებულ FINMA-ს საიდუმლო დასკვნაში წერია, რომ ჯერ კიდევ 2009 წლიდან 2015 წლამდე ბანკირის ქმედებებმა ასობით ლაფსუსი წარმოშვა, რომლებიც თავის დროზე Credit Suisse- მა სათანადოდ არ გადაამოწმა.

ლესკადრონის მხრიდან წესების უხეში დარღვევის შესახებ ბაკის დაახლოებით ათმა მენეჯერმა იცოდა, მაგრამ მას ან არ სჯიდნენ, ან ძალიან რბილი სასჯელი იყო გამოყენებული, რადგან ბანკირს ყოველწლიურად დაახლოებით 25 მილიონი დოლარის შემოსავალი მოჰქონდა“ - წერს The Wall Street Journal (WSJ).

ივანიშვილი ლესკადრონის კლიენტი იყო. მან Credit Suisse– ს წინააღმდეგ საჩივრები სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და ბერმუდებში შეიტანა. საუბარია, ჯამში, დაახლოებით 800 მილიონი დოლარის ოდენობაზე. ბლუმბერგმა ბიძინა ივანიშვილს ლესკადრონის ყველაზე დიდი მსხვერპლი უწოდა.

თავად ბიზნესმენმა Bloomberg-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ლესკადრონს ამხელა სქემის ორგანიზება მხოლოდ Credit Suisse-ში არ შეეძლო. მილიარდერმა აღნიშნა, რომ ის საქმიანობას "ველურ რუსეთსა და ქართულ ბანკებში" ეწეოდა, მაგრამ Credit Suisse–ის მსგავსი არაფერი შეხვედრია.

ლესაკადრონმა ციხე 2019 წელს დატოვა, 2020 წლის ივლისში თავი მოიკლა.

Forbes Real-Time რეიტინგის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების ჩამონათვალში ბიძინა ივანიშვილი პირველ ადგილზეა. მსოფლიოს მილიარდერთა შორის კი 613-ე ადგილს იკავებს. ბიზნესმენის ქონება 4,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

თეონა რამაზაშვილი