გაყინული ქათმის ხორცში წყლის შემცველობის ზღვარი 7%-მდე გაიზარდა.
ეს მაშინ, როდესაც 2020 წლის ოქტომბერში ერთხელ უკვე ამოქმედდა ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, სადაც 5%-ან ზღვარზე იყო საუბარი. ცვლილება მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ძალაში, მიმდინარე წლის იანვარში კი, რეგულაციის მოქმედება აპრილამდე შეჩერდა. ამის მიზეზად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიმდინარე განხილვას ასახელებდა.
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, თუ რატომ გახდა საჭირო წყლის შემცველობის გაზრდა. როგორც ზურაბ უჩუმბეგაშილი ამბობს, 5%-იანი ზღვარი დადგენილია ევროკავშირის ქვეყნებში, 7%-იანი - აშშ-ში. ევროპის სტანდარტის ჩვენთან შემოღებით კი, აღმოჩნდა, რომ აშშ-დან ქათმის გაყინული ხორცის იმპორტი ვეღარ განხორციელდებოდა.
„ეს რეალურად არაფერს მნიშვნელოვანს არ გამოიწვევს. იმიტომ, რომ როდესაც 5%-იან ზღვარზე მივიღეთ დადგენილება, ჩვენ ვიხელმძღვანელეთ ევროკავშირში მოქმედი რეგულაციებით. თუმცა, არ გავითვალისწინეთ ის, რომ აშშ-ში დადგენილია 7%-იანი ზღვარი. ჩვენ რომ 5%-იანი აგვემოქმედებინა, მაშინ ამერიკულ პროდუქციაზე (რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდის საქართველოში), უარი უნდა გვეთქვა. კანონის დარღვევა გამოდიოდა. სწორედ ამ მიზეზით მოხდა 7%-მდე აწევა. თორემ, ამაში უბედურება არაფერია, ეს არც ხარისხზე მოქმედებს. უბრალოდ, აშშ-ში ხდება დაკვლის შემდეგ პროდუქტის დამუშავება სალმონელაზე და ათას სხვა ბაქტერიაზე, რაც ავტომატურად ზრდის წყლის შემცველობას სულ 2%-ით“- ამბობს ზურა უჩუმბეგაშვილი.