კვერცხი არის პროდუქტი, რომელზეც, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს თვითუზრუნველყოფის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი აქვს. კერძოდ, „საქსტატის“ ბოლო 2019 წლის მონაცემებით, კვერცხის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ქვეყანაში 96%-ია.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ქვეყანაში წარმოებული კვერცხი ძირითადად ადგილობრივად გამოიყენება, რადგან საქსტატის ბოლო რამდენიმე წლის მონაცემით, პროდუქტი ექსპორტზე არ გაგვაქვს.
აღსანიშნავია, ისიც რომ ასევე საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში კვერცხის წარმოება შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 645.3 მილიონი ცალი და 2019 წელთან შედარებით 2.4 პროცენტით ნაკლები შეადგინა.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, მართალია ჯერ არ გვაქვს წარმოების ოფიციალური მონაცემები, თუმცა, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვნახოთ, რა რაოდენობის კვერცხის იმპორტი განხორციელდა ქვეყანაში. 2021 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში ჯამში, 41 600 აშშ დოლარის ღირებულების შინაური ქათმის კვერცხი (არაინკუბირებისთვის) შემოვიდა. მაშინ როცა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 650 700 დოლარი; ხოლო 2019 წლის ამავე პერიოდში - 153 ათასი იყო.
რაც შეეხება ქვეყნებს, მიმდინარე წელს კვერცხის იმპორტი სრულად თურქეთიდან განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ: უკრაინა და თურქეთი, საიდანაც შესაბამისად, 409 ათასი და 241 700 დოლარის კვერცხი შემოვიდა ქვეყანაში.