2016 წლის ევროკავშირიდან გასვლის რეფერენდუმიდან მოყოლებული, ქაოტური ბრექსიტის გამო დიდ ბრიტანეთში მსხვილი კომპანიები დღემდე „ჩემოდნებზე სხედან“. მათი კაპიტალისთვის და პროდუქციისთვის ევროკავშირის თავისუფალი გადაადგილების ბაზარი უფრო მიმზიდველია. ბრექსიტმა, პირველ რიგში, ლონდონის ცნობილ სითის დაარტყა, სადაც ბანკები, აქტივების მართვის სადაზღვევო კომპანიები და სხვა ფინანსური ორგანიზაციებია თავმოყრილი.
ფინანსურ სექტორს, რომელიც ბრიტანეთის საექსპორტო მომსახურებისთვის უმთავრესი ფაქტორია, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6,5%-იანი წილი უკავია. ბრექსიტის გამო ამერიკულმა ფინანსურმა გიგანტებმა Goldman Sachs-მა, JPMorgan-მა, Morgan Stanley-მ და Citigroup-მა ბრიტანული ბაზარი ნაწილობრივ დატოვეს და ფრანკფურტში გადაინაცვლეს. Bank of America-მ თავისი ცენტრალური ოფისი პარიზში გადაიტანა. ირლანდიის უმსხვილესმა ბანკ Barclays-მა ევროპაში საქმიანობის ცენტრი დუბლინში გადაიტანა. ევროპის ცნობილმა ბანკმა HSBC-მა თავისი ფილიალები ფრანგულ კომპანიაზე „გადაამისამართა.“
მართალია, ეს მსხვილი ორგანიზაციები დიდი ბრიტანეთის მნიშვნელოვანი ფინანსური ბაზრიდან მთლიანად არ გასულან, მაგრამ ბრექსიტის წყალობით ლონდონის სითის გარდა, ფრანკფურტი, პარიზი და დუბლინიც კი ევროპის მსხვილ ფინანსურ ცენტრებად გადაიქცნენ.
წელს იაპონური ავტომწარმოებელი Honda სუინდონში, სადაც დიდი ბრიტანაეთის ბაზრის 10%-ზე მეტ ავტომობილს აწარმოებენ, ქარხანას დახურავს. მართალია, ამის მიზეზად Honda-ში ბრექსიტს არ ასახელებენ, მაგრამ ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ამან იაპონელების გადაწყვეტილებაში დიდი როლი ითამაშა. გერმანული საავტომობილო გიგანტ BMW-ს ქარხნები, BMW Mini და Rolls-Royce ბრიტანეთის საავტომობილო ინდუსტრიას პროდუქციის 15%-ით ამარაგებენ. ბრექსიტის შემდეგ BMW-მ ბიზნესის ნაწილი კონტინენტზე გადაიტანა და ბრიტანეთში წარმოება მხოლოდ შიდა ბაზრის მოთხოვნილების დონემდე შეამცირა. იაპონურმა Nissan Motor-მა სანდერლლენდის ქარხანაში მსუბუქი ჯიპის X-Trail-ის წარმოების პროექტი სწორედ ბრექსიტის გამო გადადო.
ბრექსიტის პროცედურების დასრულების გამო დიდ ბრიტანეთში გერმანული ექსპორტის მოცულობა მიმდინარე წლის იანვარში, შარშანდელ დეკემბერთან შედარებით, თითქმის 30%-ით შემცირდა. ამის შესახებ 2 მარტს ვისბადენში მდებარე სტატისტიკის ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა. 2020 წელს პანდემიის ფონზე გაერთიანებულ სამეფოში გერმანული ექსპორტი 15,5%-ით, 66,9 მლრდ ევრომდე იყო შემცირებული. 2016 წლიდან, როცა დიდ ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა, გერმანიის ექსპორტის მოცულობა სტაბილურად მცირდება. არადა, 2015 წელს გერმანია ბრიტანეთში 89 მლრდ ევროს ღირებულების საქონლის ექსპორტს ეწეოდა.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2020 წელს დატოვა. 2021 წლიდან ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას ვაჭრობასა და თანამშრომლობაზე დროებითი შეთანხმება არეგულირებს, რაც უბაჟო ვაჭრობას, მაგრამ დამატებით საბაჟო პროცედურებს გულისხმობს. გერმანიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მონაცემებით, დამატებითი საბაჟო ფორმალობები გერმანულ კომპანიებს წელიწადში 400 მლნ ევრომდე უჯდებათ.
ბრექსიტის გამო 50 ირლანდიური კომპანიის 100 მლრდ ევროს (119 მლრდ დოლარის) ღირებულების აქტივების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ცენტრალური დეპოზიტარი Crest-დან ბრიუსელის Euroclear Bank-ში გადაიტანეს. ეს პროცესი 15 მარტს დასრულდა და საერთოევროპულმა ბირჟა Euronext-მა განახორციელა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრექსიტის შემდეგ ევროკავშირსა და დიდ ბრიტენეთს შორის საქონლის უბაჟო ვაჭრობის შესახებ დროებითი შეთანხმება არსებობს, ბრიტანულ ფირმებს ბიზნესი ევროპის კონტინენტზე მთლიანად ან ნაწილობრივ გადააქვთ. ლობისტთა ჯგუფ Institute of Directors-ის მიერ ერთი წლის წინ ჩატარებული კვლევით, მცირე და საშუალო ფირმების მესამედი განიხილავდა ევროკავშირში გადასვლის ან დამატებითი ობიექტების შექმნას. 2016 წლის რეფერენდუმის შემდეგ ჰოლანდიელმა ინვესტორებმა 140 ბრიტანული კომპანია შეიტყუეს, კიდევ 100 კომპანია კი ნიდერლანდებში გადასვლას განიხილავს.
რეფერენდუმიდან ერთი წლის განმავლობაში სლოვაკეთში 400-მა ბრიტანულმა ფირმამ ახალი წარმოება დაარეგისტრირა. მათ შორისაა Jaguar Land Rover, რომელიც დასავლეთ სლოვაკეთში, ნიტრასთან ახლოს ახალ ქარხანას აშენებს. ინგლისის მიდლენდში დაფუძნებულმა Goodfish Group-მა, რომელიც ავტომწარმოებლებისთვის პლასტმასის დეტალებს ამზადებს, სლოვაკეთში კომპანია დაარეგისტრირა, რათა მზად ყოფილიყო იქ ბიზნესის ნაწილის გადასატანად, თუკი უბაჟო ვაჭრობაზე შეთანხმება არ გაფორმდებოდა. თუმცა 31 დეკემბერს გაფორმებულმა და იანვარში თემთა პალატის მიერ დამტკიცებულმა ამ შეთანხმებამ Goodfish Group-ი არ დააკმაყოფილა და მან სლოვაკეთში ვაჭრობის დაწყებაზე აღებული იურიდიული ვალდებულება მაინც შეასრულა: ბრიტანეთის 4 ქარხნიდან ერთი დახურა და სლოვაკეთში საიჯარო ხელშეკრულებით გადაიტანა.
საავტომობილო ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებით, უტარიფო ვაჭრობამ საბაჟოზე დამატებითი დოკუმენტაციისა და ხანგრძლივი შემოწმების ბიუროკრატიული პროცედურა დააწესა, რამაც პორტებში გადაზიდვები შეანელა. ამის გამო ავტომწარმოებლებმა დიდ ბრიტენეთში წარმოება შეამცირეს. Honda, Toyota, BMW იმდენ ავტომობილს უშვებენ, რამდენიც მხოლოდ დიდი ბრიტანეთის შიდაბაზარს სჭირდება და არა იმდენს, რამდენიც ადრინდელივით, ევროკავშირის მთლიან ბაზარს დააკმაყოფილებდა.
სამი თვის წინათ Observer წერდა, რომ საზღვრებს გარეთ გადასული ბრიტანული მცირე და საშუალო ფირმები ევროკავშირში რეგისტრირებულ ახალ კომპანიებს ქმნიან, რათა ბრექსიტთან დაკავშირებული ათასნაირ დოკუმენტზე მუშაობა და დამატებითი ხარჯები, მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადები თავიდან აეცილებინათ. ასეთ რჩევას მათ საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის მრჩევლები აძლევდნენ. ევროკავშირის ბაზარზე ახალი ფირმების დარეგისტრირება საქონლის თავისუფალი განკარგვის საშუალებას იძლევა.
კემბრიჯშირის ქალაქ ელიში მდებარე კომპანია Horizon Retail Marketing Solutions ბრიტანელი და ევროკავშირის კლიენტებისთვის შეფუთვებისა და სარეკლამო დისპლეების ბიზნესს ეწევა. მისი ხელმძღვანელი, ენდრიუ მოსი აცხადებს, რომ ნიდერლანდებში უკვე დაარეგისტრირა ევროპული კომპანია Horizon Europe. მისი თქმით, ეს გამოიწვევს ბრიტანულ კომპანიაში სამუშაო ადგილების ოდნავ შემცირებას, ხოლო ნიდერლანდებში, პირიქით, ახალი თანამშრომლების დამატებას. ენდრიუ მოსი საინტერესო დასკვნას აკეთებს, რომ „ბრექსიტი ევროკავშირისგან კონტროლის დაბრუნების მიზნით კი არა, ევროკავშირში ინვესტირებისთვის შეიქმნა.“
ბაქსის რეგიონის ქალაქ მარლოუში მდებარე კომპანია Stewart Superior საკანცელარიო ნივთებით ვაჭრობს. მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეფი ბეტსმა, ასევე, დაარეგისტრირა ნიდერლანდებში ახალი ევროპული კომპანია იმავე მიზეზებით.
„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება არის ბლეფი. დამატებითი ღირებულების გადასახადი, ტვირთის გადაადგილებისა და ბიუროკრატიის ახალი მოსაკრებელი - ეს ყველაფერი ადმინისტრაციულ კოშმარად გადაიქცა,“ - აცხადებს ჯეფი ბეტსი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ