ველური ნიორი, ლევურდა, დათვი ხახვი, სამარდალა - ყველა ეს სახელწოდება უკავშირდება მცენარეს, რომელიც უამრავი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა, საქართველოში კი ღანძილის სახელით იცნობენ. აღნიშული საკვები სულ უფრო პოპულარული ხდება აზიასა და ევროპაში, შესაბამისად, მის მიმართ მოთხოვნაც იზრდება. დარგის სპეციალისტები მის კომერციულ წარმოებას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
როგორც East fruit-ი წერს, ეს არის ბალახოვანი მრავალწლიანი მცენარე, რომელიც ჩრდილიან ტყეებში ან მდინარეებისა და წყლის ობიექტების გასწვრივ გაზაფხულის დადგომასთან ერთად ჩნდება, როგორც პირველი მწვანე ვიტამინი. ამასთან, ის შესაძლოა, შეგვხვდეს არა მხოლოდ ველურ ბუნებაში, არამედ როგორც კულტივირებული მცენარე. უფრო მეტიც, ღანძილის (იგივე ველური ნივრის) მოსავლის აღება ბევრ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, ბელარუსში, ლიტვაში, ლატვიასა და რუსეთის ზოგიერთ რეგიონში შეუძლებელია, რადგან ის წითელ წიგნშია შეტანილი.
სხვადასხვა სასარგებლო თვისებების გამო, იგი პოპულარობით სარგებლობს ევროპასა და აზიაში. ველურ ნიორს მიირთმევენ არა მხოლოდ როგორც პროდუქტს, რომელიც მადას ასტიმულირებს, არამედ როგორც მდიდარი სტრუქტურული ფორმულის მქონე სამკურნალო საშუალებას.
როგორც East fruit-ი წერს, ყველა პარამეტრის მიხედვით, ველურ ნიორს შეიძლება ეწოდოს "სუპერ საკვები", რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ეძებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრეებს. უფრო მეტიც, ასეთ სუპერ საკვებზე მოთხოვნა კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე გაიზარდა. როგორც ექსპერტები ამბობენ, დროა, ყურადღება მიექცეს ღანძილს, რომლის კულტივაციაც ინდუსტრიულად სრულიად შესაძლებელია.
ანალიტიკოსების გათვლებით, ღანძილის წარმოებით, ერთ ჰექტარზე 500 000 აშშ დოლარის შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი.
კონკრეტულად რა არის ველური ნივრის პოპულარობის საიდუმლო და ასევე, რა უნდა იცოდეთ მისი კულტივაციის ტექნოლოგიის შესახებ, East Fruit-ი განმარტავს.
როგორც გამოცემა წერს, ღანძილს მიირთმევენ, როგორც ცოცხლად, ისე გამომშრალს, გამხმარს, დამარინადებულს ან კერძის სახით.
მცენარის სასარგებლო თვისებებისა და მაღალი ღირებულების გათვალისწინებით, ველური ნივრის კომერციული წარმოების მიმართაც ინტერესი სულ უფრო იზრდება, რადგან საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია. მაგალითად, უკრაინაში 1 კგ ველური ნივრის საცალო ფასი 23,7 დოლარს აღწევს.
ექსპერტების თქმით, ეს არის სრულიად უპრეტენზიო მცენარე, კულტივაციის თვალსაზრისითაც. ველური ნივრის კულტივაციის დაწყებამდე აუცილებელია ნიადაგის მომზადება. კერძოდ, მიწა გამდიდრებული უნდა იყოს ნეშომპალით, მინერალური სასუქებითა და ხის ნაცრით. მას რგავენ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. მცენარის მოვლა კი მოიცავს დროულ მორწყვას, ნიადაგის გაფხვიერებას და სასუქებით განაყოფიერებას. ამასთან, ცუდად განათებული ადგილი მისთვის იდეალურია.
როგორც East fruit-ი წერს, მცენარის გამრავლება უმჯობესია ბოლქვების დარგვით. მზა სარგავი მასალის არარსებობის შემთხვევაში კი, ველური ნივრის მოყვანა შესაძლებელია თესლითაც.
დარგის სპეციალისტების განმარტებით, 1 კვ.მ ველური ნივრის სათესი ფართობიდან დაახლოებით 2-3 კგ პროდუქტის მიღებაა შესაძლებელი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თუ მთლიან მოსავალს გაყიდით, ერთი ჰექტრიდან დაახლოებით ნახევარ მილიონ დოლარამდე შემოსავალს მიიღებთ.
რაც შეეხება მის სასარგებლო თვისებებს, ღანძილი მდიდარია მცენარეული ცილებით, სასარგებლო ამინომჟავებით, ასევე სხვადასხვა ვიტამინებით, რომლებიც მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. კერძოდ, ის შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს და პროვიტამინ A- ს, ახალგაზრდობის ელექსირს და მინერალურ მარილებს, რომლებიც სხეულში მჟავა-ტუტოვან ბალანსს ინარჩუნებენ. ამასთან, სასარგებლოა ენდოკრინული, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.
გარდა ამისა, ღანძილი შეიცავს კალციუმს, კალიუმს, რკინას, იოდს და სხვა უამრავ საჭირო ნივთიერებას.
როგორც გამოცემა წერს, პროდუქტს იყენებდნენ ანტიკური დროიდან, როგორც ხალხურ საშუალებას სისხლის გასუფთავებისთვის. მას შეუძლია გაწმინდოს სისხლძარღვების კედლები, გაათავისუფლოს ორგანიზმი ქოლესტერინისგან. მცენარის ფოთლებს კი, ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.