მსოფლიოში ციფრული ფულის საკითხი სულ უფრო პოპულარული ხდება. ბევრ ქვეყანაში, ციფრული ფულით მომსახურების თუ პროდუქციის შეძენა უკვე შესაძლებელია. უფრო მეტიც, კუნძულ ბექვეის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მალე მათ ტერიტორიაზე ვაჭრობა მხოლოდ ციფრული ვალუტით იქნება შესაძლებელი. ასეთია, კუნძული ბექვეი.
კუნძული ბექვეი (Bequia) კარიბის ზღვის მრავალ კუნძულს შორის ერთ-ერთია და კუნძულოვან სახელმწიფო სენტ-ვინსენტი და გრენადინების შემადგენლობაში შედის. ბექვეის ულამაზეს მზიან სანაპიროებს ტურისტები ხშირად სტუმრობენ.
კუნძულზე, რომელიც სულ რაღაც 18 კვ.კმ. ტერიტორიას მოიცავს, საკმაოდ ამბიციური გეგმა დაისახეს - ბექვეის ადამინისტრაციამ გადაწყვიტა კუნძულზე ყველანაირი ვალუტა აკრძალოს და ნებისმიერი სახის ტრანზაქცია მხოლოდ ბიტკოინების მეშვეობით გახდეს შესაძლებელი.
შესაბამისად გამოდის, რომ ბექვეი პირველი ადგილი გახდება დედამიწაზე სადაც გადახდის ერთადერთი საშუალება მხოლოდ ბიტკოინი იქნება.
Euronews-ის ინფორმაციით, კუნძულის სტუმრებს ბიტკოინებით გადახდა არამარტო სასტუმროებში, არამედ ნებისმიერი რესტორნის, კაფის, კინოთეატრისა თუ მცირე ზომის მაღაზიის სტუმრობის დროს მოუწევთ.
კუნძულის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ინოვაციური იდეა გაამართლებს და ტურისტებს მოიზიდავს.
„ეს არის ადეკვატური პასუხი იმ სიძნელეებზე, რასაც ადგილობრივები ყოველდღიურად ვაწყდებით. საერთაშორისო ბანკების მოხმარება ძალიან მოუხერხებელია და მათ საკმაოდ დიდი პროცენტული განაკვეთი მიაქვთ“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი Euronews-თან ინტერვიუს დროს.
გამოცემის ცნობით, მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან კარიბის ზღვის სხვა კუნძულებიც. ამის გამო ბერმუდას, ბაჰამის კუნძულების, ბარბადოსისა და ახლა უკვე სენტ-ვინსენტის ხელისუფლებებმა გადაწყვიტეს ვალუტის ნაცვლად ე.წ. „ბლოქჩეინები“ და კრიპტოვალუტა გამოიყენონ.