ტყემლის სეზონი საქართველოში უკვე დაიწყო. კილოგრამზე საცალო ფასი 12 ლარიდან იწყება, სუპერმარკეტებში კი, 25 ლარს აღწევს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მხოლოდ სეზონის დასაწყისია, რამდენიმე კვირაში ფასები მნიშვნელოვნად შემცირდება. East Fruit-ი დაინტერესდა ტყემლის სოუსის წარმოებისა და ექსპორტის პერსპექტივით, რისთვისაც საქართველოში უდიდეს მწარმოებლებს გაესაუბრა.
საქართველოში ტყემალს ძირითადად სოუსის დასამზადებლად იყენებენ, რომელიც ზამთრისთვის თითქმის ყველა ოჯახსა და სუპერმარკეტში მოიპოვება. ტყემლის ხეები ძირითადად გვხვდება მცირე საოჯახო მეურნეობებში, თუმცა ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი კომპანიების შექმნიდანვე, შედარებით დიდი ბაღებშიც გაჩნდა. ამასთან, კომპანიები ტყემალს ადგილობრივი მოსახლეობისგანაც ყიდულობენ. გასულ წელს ტყემლის საბითუმო ფასი 0,6-1,2 ლარის ფარგლებში მერყეობდა. გადამამუშავებლები თვლიან, რომ წელს ფასები იგივე დარჩება, რადგან საექსპორტო ბაზრებიდან, კერძოდ, აშშ-დან, ევროკავშირიდან, ისრაელიდან, კანადიდან და ჩინეთიდან ტყემლის სოუსზე მოთხოვნა იზრდება.
დაკონსერვებული ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტების უდიდესი მწარმოებელია მარნეულის სასურსათო ქარხანა, რომელიც სხვადასხვა პროდუქტებთან ერთად ტყემლის სოუსსაც აწარმოებს. ქარხანა მდებარეობს ქვემო ქართლში. მარნეულის სასურსათო ქარხნის პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზეც. გასულ წელს ქარხანა 500 ტონა ტყემლის გადამუშავებას აპირებდა, თუმცა საკმარისი რესურსის მობილიზება ვერ მოხერხდა, რასაც კომპანიის წარმომადგენელი ვანო ცუკილაშვილი რამდენიმე მიზეზით ხსნის.
მისი თქმით, ერთ-ერთი იყო მოსავლიანობის მერყეობა ყოველწლიურად, რასაც კლიმატური პირობები განსაზღვრავს. ტყემლის ხეები ხშირად ადრეული გაზაფხულის ყინვებით და წვიმებით ზარალდება, რადგან მისი ყვავილობა ემთხვევა ცვალებადი ამინდის პერიოდს. მისივე თქმით, ამას ემატება ისიც, რომ ტყემალს ძირითადად მცირე ფერმერები და საოჯახო მეურნეობები აწარმოებენ, რაც ართულებს საჭირო რაოდენობის ნედლეულის შეგროვებას.
სწორედ აღნიშული რისკების შესამცირებლად, კომპანიამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაიწყო საკუთარი ტყემლის ბაღების გაშენება. ამჟამად „მარნეულის აგრო“ (მარნეულის სასურსათო ქარხნის შვილობილი კომპანია), 60 ჰექტარ ბაღს ფლობს ქვემო ქართლში. ვანო ცუკილაშვილის თქმით, წელს კომპანია დაახლოებით, 60 ტონა მოსავალს ელოდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბაღი მაქსიმალურ ნაყოფიერებას მიაღწევს, ქარხნის წარმოების თვითკმარობა 60%-მდე გაიზრდება. წელს კომპანია კვლავ გეგმავს 500 ტონა ტყემლის გადამუშავებას.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ტყემლის სოუსს, ასევე დაკონსერვებულ ხილსა და ბოსტნეულს აწარმოებს, არის KTW-ს შვილობილი კომპანია - „ნენა“. კომპანიას აქვს ორი საწარმო დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურიასა და აჭარაში. კონკრეტულად სოუსები წარმოება კი, აჭარაში მდებარე ობიექტში მიმდინარეობს. წელს „ნენა“ გეგმავს 300 ტონა ტყემლის გადამუშავებას, რაც 1.3-ჯერ გაიზარდა გასული წელთან (130 ტონა) შედარებით. აღსანიშნავია, რომ კომპანიას არ აქვს საკუთარი ბაღები და მთლიანად დამოკიდებულია ტყემლის ადგილობრივ მწარმოებლებზე.
კონსერვის ხილისა და ბოსტნეულის კიდევ ერთი მსხვილი მწარმოებლის, „კულას“ დირექტორი ივანე გოგლიძე აღნიშნავს, რომ წარსულში ტყემლის საჭირო რაოდენობის შეგროვება კომპანიისთვის პრობლემური იყო, ამიტომ ორი წლის წინ მათ გადაწყვიტეს საკუთარი ბაღის გაშენება. ამ დროისთვის კომპანია ფლობს 15 ჰექტარ ტყემლის ბაღს, თუმცა მოსავალი ახალი ბაღიდან ჯერ კიდევ ძალიან მცირეა. გოგლიძე მიიჩნევს, რომ უახლოეს წლებში ისინი ტყემლის წარმოებას კიდევ 10 ჰექტარით გაზრდიან. წელს კომპანია გეგმავს 500-700 ტონა ტყემლის გადამუშავებას.
როგორც East fruit-ი წერს, მარნეულის სასურსათო ქარხანა წელს სოუსის დაახლოებით, 15%-ის გაყიდვას საზღვარგარეთ, ევროპასა და შეერთებულ შტატებში გეგმავს. „კულა“ პროდუქტის 60%-ს მსოფლიოს 25 ქვეყანაში გაიტანს, ხოლო „ნენა“ ტყემლის სოუსის დაახლოებით, 80%-ის ექსპორტს ისრაელში, ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთსა და კანადაში აპირებს.
გადამამუშავებლების აზრით, ტყემლის მოსავალი საქართველოში რამდენიმე წელიწადში გაიზრდება, რადგან ფერმერებმა უკვე გააშენეს ახალი ბაღები. შესაბამისად, ისინი იმედოვნებენ, რომ საექსპორტო ბაზრებიდან გაზრდილ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებენ.
პავლე კოღუაშვილი ერთ-ერთი ფერმერია, რომელსაც ტყემლის და ალუჩის ხეები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 4,5 ჰექტარ ფართობზე აქვს გაშენებული. აღებულ მოსავალს კი, მარნეულის სასურსათო ქარხანაში ყიდის. ბაღი უკვე შვიდი წლისაა და წელს ფერმერი 30–35 ტონა მოსავალს ელოდება. კოღუაშვილის თქმით, ტყემალი ამ დროისთვის ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი მრავალწლიანი კულტურაა, რადგან მისი ფასი მაღალია, ბაღის ხარჯებთან შედარებით. გასულ წელს ფერმერმა ერთი კილოგრამი ტყემალი და ალუჩა 1 ლარად გაყიდა. ამასთან, კოღუაშვილს სანერგე მეურნეობაც აქვს. ერთი ნერგის ღირებულება კი 4-6 ლარს შეადგენს.