საქართველოში სწრაფი ფულადი გზავნილების მიხედვით რუსეთი ისევ ლიდერია. თუმცა სწრაფი გზავნილების რუსულმა სისტემამ Zolotaia Korona-მ პოზიციები უკვე რამდენიმე თვეა დათმო. სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის მარტის ჩარიცხვებში Zolotaia Korona-ს წილი მხოლოდ 17% იყო, მაშინ, როდესაც Ria-ს 19,8%,Western Union-მა კი მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა ბაზრის 17,9%-იანი წილით.
რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხვებს, აქ ლიდერის პოზიციას კვლავ Zolotaia Korona ინარჩუნებს - 47,5%-ით, Western Union-ზე კი გადარიცხვების 22% მოდის.
უფრო კონკრეტულად: 2021 წლის მარტში საქართველოში Zolotaia Korona-ს საშუალებით გადმორიცხა 31,930 მლნ დოლარი, Ria-ს კი 37,184 მლნ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემოდგომამდე, წლების განმავლობაში, ფულადი გზავნილების სისტემებში ლიდერის პოზიცია Intel Express-ს და Unistream-ს ეკავა. თუმცა, უკვე 2012 წლის შემოდგომიდან 2020 წლის იანვრამდე პირველობას Zolotaia Korona ინარჩუნებდა. 2020 წლის იანვრიდან კი ფულად გადმორიცხვებში ლიდერი სისტემა Ria გახდა.
საქართველოში ფულადი გადმორცხვები სისტემების მიხედვით, 2021 წლის მარტი:
საქართველოდან ფულადი გადარიცხვები სისტემების მიხედვით, 2021 წლის მარტი:
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის მარტში საქართველოში უცხოეთიდან 188,171 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49,5%-ით მეტია. შარშან მარტში უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა 125,865 მლნ დოლარი შეადგინა. ქვეყნების მიხედვით, 2021 წლის მარტში ყველაზე მეტი თანხა - 32,192 მლნ დოლარი რუსეთიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზე კი იტალიაა, საიდანაც საქართველოში 30,508 მილიონი დოლარი შემოვიდა, მესამეზე კი აშშ - 24,124 მლნ დოლარით.
რაც შეეხება გადარიცხვებს, მარტში საზღვარგარეთ 24.9 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 21.9%-ით მეტია. 2020 წლის მარტში ქვეყნიდან უცხოეთში გზავნილებმა 20,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ როგორც შარშან, წელსაც გადარიცხვებში ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის. ათეულშია თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი და ა.შ