ევროპის რამდენიმე ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
საფრანგეთში დღეიდან ქვეყნის შიდა მოგზაურობის დაწესებული აკრძალვა გაუქმდა, საშუალო სკოლის მოსწავლეები კი საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ.
ამასთან, საფრანგეთის კაფეებისა და რესტორნების ღია ტერასები, ისევე როგორც მუზეუმები, კინოთეატრები, თეატრები და საკონცერტო დარბაზები კი 19 მაისამდე არ გაიხსნება. ძალაში რჩება ღამის „კომენდანტის საათიც“.
დღეიდან საბერძნეთში რესტორნებსა და კაფეებს უფლება მიეცათ, მოხმარებელს ღია სივრცეებში მოემსახურონ, ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნეს კი ხელახლა ამუშავების საშუალება 15 მაისიდან ექნება.
შაბათიდან გარკვეული შეზღუდვები გაუქმდა უნგრეთშიც. იმ ადამიანებს, რომლებსაც მთავრობისგან გაცემული ე.წ. „იმუნიტეტის ბარათები“ აქვთ, შეუძლიათ დახურულ სასადილო ოთახებში, სასტუმროებში, თეატრებში, კინოთეატრებში, აბაზანებში, სავარჯიშო დარბაზებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებსა და სხვა რეკრეაციულ ადგილებში შეზღუდვების გარეშე შევიდნენ. ბიზნეს ობიექტების სამუშაო საათები კი 23:00 საათამდე გახანგრძლივდა.
გასული კვირიდან შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო იტალიაშიც. მოსწავლეები სკოლებში დაბრუნდნენ, გაიხსნა მუზეუმები და კინოთეატრები.
იანვარში დაწესებული „ღამის კომენდანტის“ საათი გაუქმდა ნიდერლანდებში. ამასთან, ბოლო 6 თვის განმავლობაში პირველად ბარებსა და კაფეებს გარე ტერასების გახსნის საშუალება მიეცათ, თუმცა შეზღუდული დროით, საღამოს 6:00 საათამდე. ამასთან, ერთ მაგიდასთან დაჯდომის უფლება მხოლოდ ორ ადამიანს აქვს. გამონაკლისი მხოლოდ ერთსა და იმავე ოჯახის წარმომადგენლებს ეხება.