„კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ გარკვეული დოზები ივნისშია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც გაბუნია განმარტავს, ბაზარზე შესაძლოა, გააქტიურდეს ამერიკული კომპანია „ნოვავაქსის“ ვაქცინაც.
„ამ ეტაპზე „სინოფარმი“ გვაქვს. ასევე იცით, „სინოვაკია“ ქვეყანაში და მის გამოყენებასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად დავიწყებთ. გუშინ უკვე გამოქვეყნდა ძალიან კარგი მონაცემები, ორივე ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, რაც იმედის მომცემია იმ კუთხით, რომ ავტორიზაციას ორივე ვაქცინა მალე მიიღებს.
მოკლე ხანში შესაძლებელია ბაზარზე „ნოვავაქსის“ მეტად აქტიურად გამოჩენა, როგორც „კოვაქსის“ პლატფორმით, ასევე უშუალოდ „ნოვავაქსთან“ მოლაპარაკების საშუალებით. ასევე „კოვაქსიდან“ „ფაიზერის“ გარკვეული დოზები ივნისშია მოსალოდნელი.
მიდის მუშაობა „ფაიზერთან“ დამატებით დოზებზე, რაზეც ინფორმაცია მოკლე ხანში გვექნება“, - აცხადებს გაბუნია.