საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში ძირეული ცვლილებები შევიდა 2021 წლიდან. ცვლილებების უმთავრესი მიზეზი ევროკავშირიდან მიღებული დირექტივაა, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა უნდა დაუახლოვდეს იმ წესებს, რაც ევროკავშირში მოქმედებს.
ძირითად ცვლილებებთან დაკავშირებით, ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია „ქუდოს ჯორჯიას“ პარტნიორი ანა ოსიყმიშვილი მოგვითხრობს:
განვიხილოთ ზოგიერთი მუხლი, როგორც დამატებითი ღირებულების გადასახადის, ასევე უკუდაბეგვრის დღგ-ს მიზნებისათვის - „დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების ადგილის“ და „მომსახურების გაწევის ადგილისა“, რომლის განმარტება მნიშვნელოვანად და არსებითად შეიცვალა 2021 წლიდან. ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა საქართველოს ტერიტორიაზე იბეგრება დღგ-თი. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია სწორად განსაზღვრა ოპერაციისა, თუ სად არის განხორციელების ადგილი აღნიშნული მიწოდება/მომსახურებისა, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე არის გაწეული თუ არა მიწოდება/მომსახურება.
საქონლის მიწოდების ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მდებარეობს საქონელი მიწოდების განხორციელების მომენტში, თუ არ ხორციელდება საქონლის გაგზავნა ან ტრანსპორტირება, ხოლო თუ ხორციელდება საქონლის გაგზავნა ან ტრანსპორტირება, საქონლის მიწოდების ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მდებარეობს საქონელი მისი შემძენთან გაგზავნის ან ტრანსპორტირების დაწყების მომენტში.
„მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზეა გაწეული, მიიჩნევა, რომ იგი არ გაწეულა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო თუ მომსახურება არ არის გაწეული საქართველოს ტერიტორიაზე, იგი განიხილება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეულად“.
არამეწარმე ფიზიკური პირისთვის მომსახურების გაწევის შემთხვევაში, მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება მომსახურების გამწევის ადგილმდებარეობა, თუმცა სხვა შემთხვევაში თუ მომსახურება არ არის გაწეული საქართველოს ტერიტორიაზე, იგი განიხილება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაწეულად.
უძრავ ნივთთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის ადგილად განისაზღვრა ადგილი, სადაც მდებარეობს უძრავი ნივთი, მათ შორის:
„ა) უძრავი ნივთის ექსპერტის და აგენტის მომსახურება;
ბ) სამშენებლო სამუშაოების მომზადებისა და კოორდინაციის მომსახურება (სამშენებლო მოედანზე კონტროლის და ზედამხედველობის განხორციელება).“
„სხვა პირის სახელით და დავალებით მოქმედი შუამავლის მიერ არადასაბეგრი პირისთვის გაწეული მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება იმ ოპერაციის განხორციელების ადგილი, რისთვისაც არის გაწეული ეს საშუამავლო მომსახურება.“
არადასაბეგრი პირისთვის კულტურული, სამეცნიერო, გასართობი ან მსგავსი ღონისძიებების პრეზენტაციების წარმოდგენა, გამოფენის მოწყობა, ასევე ამ ღონისძიებების ორგანიზების მომსახურების გაწევის ადგილად განისაზღვრა ადგილი, სადაც, ფაქტობრივად, განხორციელდა ეს ღონისძიება.
მგზავრისთვის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ხორციელდება ტრანსპორტირება, გავლილი მანძილის პროპორციულად.
არადასაბეგრი პირისთვის საქონლის ტრანსპორტირების მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ხორციელდება ტრანსპორტირება, გავლილი მანძილის პროპორციულად.
სატრანსპორტო საშუალების მოკლევადიანი იჯარის მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც ეს სატრანსპორტო საშუალება ფაქტობრივად გადადის მომხმარებლის განკარგულებაში.
„არადასაბეგრ პირზე სატრანსპორტო საშუალების გაქირავების/იჯარის ადგილი, გარდა მოკლევადიანი იჯარისა, არის ადგილი, სადაც მომხმარებელი არის დაფუძნებული, აქვს მუდმივი მისამართი ან ჩვეულებრივ ცხოვრობს. ამასთანავე, არადასაბეგრ პირზე სასეირნო კატერის გაქირავების (გარდა მოკლევადიანი იჯარისა) ადგილი არის ადგილი, სადაც სასეირნო კატერი, ფაქტობრივად, გადადის მომხმარებლის განკარგულებაში“.
„არადასაბეგრი პირისთვის მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც იგი არის დაფუძნებული, აქვს მუდმივი მისამართი ან ჩვეულებრივ ცხოვრობს, თუ მისთვის გაწეულია რომელიმე შემდეგი მომსახურება:
ა) ტელესაკომუნიკაციო მომსახურება;
ბ) რადიო- და ტელესამაუწყებლო მომსახურება;
გ) ელექტრონულად გაწეული მომსახურება;
დ) საავტორო უფლების, პატენტის, ლიცენზიის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა მსგავსი უფლების გადაცემა ან დათმობა;
ე) სარეკლამო მომსახურება;
ვ) საკონსულტაციო, საინჟინრო, იურიდიული, საბუღალტრო და სხვა მსგავსი მომსახურება, აგრეთვე, მონაცემთა დამუშავება და ინფორმაციის მიწოდების მომსახურება;
ზ) ამ ნაწილით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის ან უფლების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებისგან ან განხორციელებისგან თავის შეკავების ვალდებულება;
თ) საბანკო, ფინანსური და სადაზღვევო ოპერაციები, მათ შორის, გადაზღვევა, გარდა სეიფის იჯარისა;
ი) პერსონალით უზრუნველყოფა;
კ) მოძრავი ნივთის იჯარით გადაცემა, გარდა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების იჯარისა“.
რეალურად „მომსახურების გაწევის ადგილად“ – დაკვალიფიცირდება ადგილი B2B-ის (ბიზნესი ბიზნესისთვის) შემთხვევაში იმის მიხედვით, თუ ვინ არის მომსახურების მიმღები, ასევე B2B შემთხვევაში ოპერაცია არ დაიბეგრება დღგ-თი, ვინაიდან მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება უცხოეთი, რაც შეეხება B2C (ბიზნესი მომხმარებლისთვის) შემთხვევას, აქ დღგ-თი დაბეგვრა ინდივიდუალური ქეისის მიხედვით მოხდება.