ბაბუაწვერას მურაბა, იასამნისფერი სტაფილო და შავი პომიდორი - ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც ბიო-მეურნეობა „სამყურა“ მომხმარებელს განახლებულ სეზონზე შესთავაზებს.
მეურნეობა ალაზნის ველზე, წნორში მდებარეობს.
„სამყურას“ წარმოებული პროდუქცია ბაზარზე 2018 წლიდან იყიდება. მეურნეობის მფლობელი ყოველწლიურად ცდილობს, მომხმარებელს და ბაზარს ახალი პროდუქცია შესთავაზოს.
როგორც ნიკა ბაგალიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ივნისიდან შავ პამიდორთან, იასამნისფერ კარტოფილთან და სტაფილოსთან ერთად მომხმარებელს ფერად წიწაკებსაც შესთავაზებს. ახლა ბაზარზე მხოლოდ იმპორტირებული ფერადი წიწაკები იყიდება.
,,სამყურას“ წელს პირველად ექნება არაერთი ახალი პროდუქცია, რომელიც ბაზრისთვის ჯერ კიდევ უცხოა და ეგზოტიკურია. ჩემი კონცეფცია ასეთია - ბოსტნიდან სუფრაზე. ამიტომ, გასაღების ბაზრად უფრო მეტად კერძო შეკვეთებს მივიჩნევ და ამაზე ვმუშაობ. პროდუქცია ამ ეტაპზე რესტორნებში არ შემაქვს.
წელს, მექნება შავი პომიდორი, ივნისის ბოლოდან იქნება მისი შეძენა შესაძლებელი. შავი პომიდორი ვიზუალურად ნამდვილად შთამბეჭდავია და გემოვნური თვისებებითაც განსხვავდება ჩვეულებრივი პომიდვრისგან, მიუხედავად იმისა, რომ აუთენტური გემოც ნამდვილად იგრძნობა.
ასევე, მექნება იასამნისფერი კარტოფილი, იასამნისფერი სტაფილო. ქოთნის ფერადი და ძალიან ცხარე წიწაკები.
რადგან მეურნეობა სრულად ბიოა, ჩვენთან არ ვიყენებთ არანაირ ქიმიურ პრეპარატს დამუშავების და მოყვანის პერიოდში, მათ შორის, არც სასუქებს. ასევე ძალიან ვზრუნავთ გარემოზე, სადაც ჩვენი პროდუქცია მოგვყავს და შესაბამისად, ჩვეულებრივ მეურნეობებთან შედარებით, ჩვენი პროდუქცია ბევრად ჯანსაღია“,- განაცხადა ბაგალიშვილმა.
მისივე თქმით, წელს პირველად, მეურნეობა მომხმარებელს ბაბუაწვერას მურაბასაც შესთავაზებს.
,,ასევე, წელს პირველად გვექნება ბაბუაწვერას მურაბა, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის. სისხლს წმენდს და ღვიძლის აღმდგენია. ბაბუაწვერას ყვავილი სადაც შევაგროვეთ, ის ადგილიც ბიო მეურნეობაა და შესაბამისად, იქნება ჩვენი პროდუქციის სტანდარტის“- ამბობს ,,სამყურას“ მფლობელი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.