ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ეკონომიკური საქმიანობის გახსნა და ეკონომიკური მაჩვენებლების ზრდა ვაქცინაციასთანაა დაკავშირებული.
როგორც ცუცქირიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არის მოლოდინი, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში ეკონომიკურმა ზრდამ, შესაძლოა, 5%-ს მიაღწიოს, თუმცა ეს ვაქცინაციაზე იქნება დამოკიდებული.
ამასთან, მისი თქმით, პოზიტიური მოლოდინი ადასტურებს, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ეფექტიანი იყო.
„თუ ეკონომიკა გაიხსნება, ზრდაც მაღალი გვექნება. ეკონომიკა კი ბოლომდე რა შემთხვევაში გაიხსნება?! - თუ ჩვენ მაღალ ვაქცინაციაზე გავალთ. ეკონომიკის მკურნალობის მთავარი მეთოდი არის არა რაღაც გადაწყვეტილებები, არამედ პირდაპირ ვაქცინაციასთან დაკავშირებული მენეჯმენტი. მარტში ზრდა გვქონდა 4%. აპრილში და მაისში გვექნება პოზიტიური ზრდა, უფრო მაღალი, ვიდრე მარტში იყო. კუმულატიური კი მაისის ბოლოში გვექნება დადებითი. ახლა უარყოფითი გვაქვს, მაგრამ გვაქვს შანსი, მომავალ თვეებში გავიდეთ 4%-იან ზრდაზე და შეიძლება მაღალზეც. გვაქვს შანსი 5%-ც კი გვქონდეს. ეს დამოკიდებული იქნება ვაქცინაციაზე. ეს არ არის ფინანსური კრიზისი. ეს კრიზისი არ გამოუწვევია ფინანსურ აფეთქებებს და რყევებს, ეს არის ჩაკეტვის კრიზისი. ეს არის ღირებულებათა ჯაჭვების წყვეტის კრიზისი. პროდუქტების მიწოდების ჯაჭვები იყო გაწყვეტილი“, - განაცხადა ცუცქირიძემ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.
ექსპერტი ასევე გამოეხმაურა რუსეთი მხრიდან წიწიბურის ექსპორტის შეწყვეტის ფაქტს და აღნიშნა, რომ ეს საკითხი პრობლემა არაა, რადგან ალტერნატიული ბაზრები არსებობს.
„რუსეთს სხვა დროსაც ჩაუკეტავს გარკვეული პროდუქტების ექსპორტი, თუმცა ყოველთვის ხდება ალტერნატიულ ბაზრებზე გასვლა. მაგალითად, ყაზახეთის და უკრაინის ბაზარზე, ამიტომ აქ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან რუსეთი არ არის მონოპოლისტი. მონოპოლისტი რომ იყოს და სხვა ქვეყანა არ აწარმოებდეს, პრობლემა იქნებოდა. შეიძლება სხვა ბაზრიდან მოწოდებული შედარებით ძვირი იყოს, მაგრამ მოთხოვნა-მიწოდებაზეა მაინც ყველაფერი დამოკიდებული და თუ რამდენიმე ბაზრიდან შემოვა, ეს საკითხიც დაბალანსდება“,- განაცხადა ცუცქირიძემ.