რუსეთი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში წიწიბურას მთავარი იმპორტიორია, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით პროდუქტის ექსპორტს აჩერებს, მიზეზი - შიდა ბაზრის დაცვაა. მართალია, 2021 წლის იანვარ-მარტში იმპორტირებული წიწიბურას 99,9% რუსეთიდან შემოვიდა, თუმცა წინა წლებში სიტუაცია მეტ-ნაკლებად განსხვავებული იყო და ბაზრებიც დივერსიფიცირებული.
აღსანიშნავია, რომ წინა წლებშიც იმპორტში რუსული წიწიბურას წილი მაღალი იყო, თუმცა პროდუქტი არც ისე მცირე რაოდენობით სხვა ქვეყნებიდანაც შემოდიოდა, რასაც ვერ ვიტყვით მიმდინარე წლის პირველ კვარტალზე. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 3 თვეში, საქართველომ სულ 830,5 ტონა (701.7 ათასი აშშ დოლარი) წიწიბურა შეიძინა, საიდანაც 99,9%, ანუ 830.3 ტონა (701,4 ათასი აშშ დოლარი) სწორედ რუსეთისგან. პროდუქტის დანარჩენი რაოდენობის იმპორტი კი პოლონეთიდან (0,1 ტონა) და ბელარუსიდან (0,1 ტონა) განხორციელდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ბოლო 5 წლის სტატისტიკას:
2020 წელი - საქართველომ 4 198 ტონა (3,084 მლნ დოლარი) წიწიბურა იყიდა, აქედან 99,4% რუსეთიდან, ანუ 4 175 ტონა. იმ წელს წიწიბურას იმპორტი მცირე რადენობით განხორციელდა უკრაინიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან.
2019 წელი - ამ წელს რუსეთის წილი წიწიბურას იმპორტში 75% იყო, მაშინ საქართველომ 6 995 ტონა (3,228 მლნ დოლარი) წიწიბურა იყიდა, აქედან რუსეთში - 5 244 ტონა. 1 563 ტონა პროდუქტი ყაზახეთში შევიძინეთ, 150 ტონა კი ჩინეთში. 2019 წელს მცირე რაოდენობით წიწიბურა ვიყიდეთ უკრაინაში, თურქმენეთში, საფრანგეთში და ა.შ.
2018 წელი - საქართველოში განხორციელდა 6 055 ტონა (2,142 მლნ დოლარი) წიწიბურას იმპორტი. 5 811 ტონა, ანუ 96% რუსეთიდან, 213 ტონა ყაზახეთიდან, 22,8 ტონა კი უკრაინიდან შემოვიტანეთ.
2017 წელი - ყველაზე დიდი რაოდენობით წიწიბურა ქვეყანაში სწორედ 2017 წელს შემოვიდა, მაშინ 7 474 ტონა პროდუქტი ვიყიდეთ 4,259 მლნ დოლარის ღირებულების. მაშინ მთლიან იმპორტში რუსული პროდუქტის წილი 64,1%-ს შეადგენდა - 4 793 ტონა. 35% კი ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას ეკავა, 2017-ში ჩინეთში 2 609 ტონა წიწიბურა ვიყიდეთ. ამასთან, მცირე რაოდენობით ვიყიდეთ წიწიბურა ყაზახეთსა და უკრაინაში.
2016 წელი - ამ წელს კი რუსული წიწიბურას წილი იმპორტში მხოლოდ 36%-ს შეადგენდა. მაშინ ქვეყანამ მთლიანად 6 903 ტონა (5,007 მლნ დოლარი) წიწიბურა იყიდა, საიდანაც 2 485 ტონის ექსპორტი რუსეთიდან განხორციელდა, 4 196 ტონის კი ჩინეთიდან (60,7%). შედარებით მცირე რაოდენობით წიწიბურა შემოვიდა ყაზახეთიდან, ამერიკიდან და უკრაინიდან.