„ციფრული ლარს მოვიაზრებთ ნაღდი ფულის ჩასანაცვლებლად“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.
მისი თქმით, ელექტრონული ლარის უპირატესობა იქნება დაბალი საოპერაციო ხარჯი და ამასთან, მომენტალურობა. გარდა ამისა, ციფრული ვალუტის გამოყენებისას არ იქნება საჭირო ანგარიშის ქონა რომელიმე ბანკში და არ საჭიროებს შუამავალს.
როგორც პაპუნა ლეჟავამ განმარტა, ელექტრონული ლარის ამოქმედება მომავალი წლიდან იგეგმება.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობს. როგორც სებ-ის ოფიციალურ განმარტებაში ვკითხულობთ, "ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა", რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს.
„ციფრული ლარის მთავარი ფუნქცია და მიზანია, რომ ის იყოს გადახდის საშუალება, ისევე როგორც ეს არის ნაღდი ლარი. ეს იქნება ეროვნული ვალუტის ციფრული ვერსია. ნაღდი ფულის მსგავსად, ციფრულ ლარი იქნება მომენტალური, მისი გაცვლა შესაძლებელი იქნება ორ მხარეს შორის. ამისთვის არ იქნება საჭირო შუამავალი. თუმცა, ნაღდი ფულისგან განსხვავებით, ციფრულ ლარზე შესაძლებელი იქნება დამატებით ე.წ ჭკვიანი კონტრაქტების შემუშავება. მაგალითად, ბიზნესებს შეეძლებათ მარაგების ამოწურვის შემთვევაში გადარიცხვა ავტომატურად განახორციელონ მიმწოდებელთან და ახალი მარაგები გამოიწერონ. ვფიქრობთ, რომ ამ ტექნოლოგიას ძალიან ბევრი უპირატესობა ექნება.
დღეს უნაღდო ანგარიშსწორებისთვის ჩვენ გვჭირდება შუამავალი, ამ შემთხვევაში, ეს არის ერთი ბანკი, მაგრამ ხშირად, როდესაც გადარიცხვა ხდება სხვასხვა ბანკებს შორის, აქ არის რამდენიმე შუამავალი. ეს ტრანზაქცია არის შედარებით უფრო ძვირი. ციფრულ ლარს ჩვენ არ მოვიაზრებთ, როგორც პირდაპირ კონკურენტს ონლაინ გადარიცხვების, ფიცრული ლარს უფრო მოვიაზრებთ ნაღდი ფულის ჩასანაცვლებლად“,- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
მისი თქმით, ციფრული ლარი იქნება ეროვნული ვალუტის გასხვავებული ვერსია, რომელსაც კურსზე გავლენა არ ექნება.
„ელექტრონულ ლარს არ ექნება რამე განსაკუთრებული ღირებულება. ის იქნება ლარის სხვანაირი ვერსია. კურსისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ლარს დავბეჭდავთ ქაღალდის ფულზე, თუ ამისთვის გამოვიყენებთ სხვა მატერიას და დავბეჭდავთ ელექტრონულად, კომპიუტერში. შესაბამისად, კურსზე ელექტრონული ლარის გამოშვებას არანაირი ზეგავლენა არ ექნება.
ციფრული ლარის უპირატესობებში პირველი არის მისი დაბალი საოპერაციო ხარჯები. მოგეხსენებათ, რომ ნაღდი ფულის ბრუნვა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. საჭიროა ბანკები, ფილიალები, ბანკომატები, ეროვნულ ბანკს ამ ფულის დაბეჭდვა უჯდება ხარჯი. ციფრული ლარის შემთხვევაში, ეს ყველაფერი იქნება ბევრად უფრო იაფი. მაგალითად, ფედერალური სარეზერვო ბანკის კვლევაა, რომელიც ამბობს, რომ ციფრული ვალუტის გამოყენება დაახლოებით, 15% ჯდება, ნაღდი ფულის საოპერაციო ხარჯებისგან განსხვავებით. აქედან გამომდინარე, მისი სატრანზაქციო ხარჯიც იქნება უფრო იაფი. ამასთან, ტრანზაქცია იქნება მომენტალური, ვინაიდან იქ არ იარსებებს შუამავალი. ტრანზაქციას არ სჭირდება რამდენიმე საათი, ან თუნდაც დღე. ასევე, მოლოდინი გვაქვს, რომ ციფრული ლარი გაზრდის ფინანსურ ჩართულობას, რადგან მისი გამოყენებისთვის არ იქნება აუცილებელი, რომ მომხმარებელს ჰქონდეს ანგარიში. რაც ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანია, ციფრული ლარი იქნება თავსებადი სხვადასხვა ტექნოლოგიებთან, მისი ფუნქციონალის შეერთება შეეძლებათ როგორც ფინანსური ინსტიტუტების, ისე სხვა ფინტექ-კომპანიების ტექნოლოგიებს.
ამასთან, მოლოდინი გაქვს, რომ ციფრულ ლარს შეიძლება ჰქონდეს ასევე არაპირდაპირი ეფექტები. როგორიც არის მაგალითად, სხადასხვა ტიპის სტატისტიკური მონაცემების დაგროვება, რომელსაც მერე ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას გამოვიყენებთ; ან კერძო სექტორი შექნის გარკვეულ მოდელებს და ახალ პროდუქტებს. ასევე, რამდენიმე კვლევა გვიჩვენებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე ექნება დადებითი გავლენა, რადგან ფინანსური შუამავლის ხარჯს ამცირებს.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის შუა პერიოდიდან საპილოტე ვერსია გავუშვათ. მას შემდეგ კი, რაც კარგად შევისწავლით, გადავწყვეტთ, ღირს თუ არა საბოლოოდ ციფრული ვალუტის დანერგვა“,- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.