ჩვენი მთავარი მიზანია, ტურიზმი აღდგეს ძალიან თანმიმდევრული და სწორი ნაბიჯებით იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შევძლოთ ნაკადის მიღება და შენარჩუნება ,- ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ყველა აქტივობის განხორციელებისთვის წინაპირობა ვაქცინაციაა.
„ჩვენი მთავარი მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად აღვადგინოთ ტურიზმის სექტორი. ნებაყოფლობითი ვაქცინაცია და ტურისტული სექტორის პრიორიტეტულ ჯგუფად გამოცხადება არის ამ ყოველივეს წინაპირობა. შესაბამისად, ჩვენ დღეს განვიხილავთ პროცესს, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციის საკითხს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა მაქსიმალურად სწრაფად და გაორმაგებულად მოხდეს სექტორში დასაქმებულთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია, რაც ერთი მხრივ, საშუალებას მოგვცემს საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირება გავაკეთოთ უსაფრთხო მოგზაურობის. ასევე იმ ობიექტებს ხელი შევუწყოთ, რომ რეკლამა გაუკეთონ თავიანთ ობიექტებს, როგორც უსაფრთხო ტურიზმის ობიექტს. უშუალოდ ამ კომპანიების სია დაინტეგრირდება ჩვენს ტურისტულ ვებ-პლატფორმაზე, ყველა სოციალურ ქსელში, მათ შორის მარკეტინგულ აქტივობაში, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე ვახორციელებთ, ამ სიის გაზიარება მოხდება დაინტერესებული პირებისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, ტურიზმი აღდგეს ძალიან თანმიმდევრული და სწორი ნაბიჯებით იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შევძლოთ ნაკადის მიღება და შენარჩუნება. შესაბამისად, ვაქცინაცია არის ყველა იმ აქტივობის უპირობო წინაპირობა, რომელიც ამ მიმართულებით განხორციელდება, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად აღდგეს სექტორი ქვეყანაში“,-განაცხადა ჯანიაშვილმა.
რაც შეეხება მარკეტინგულ აქტოვობებს, როგორც ის აღნიშნავს, იმ პროდუქტების პოპულარიზაციაზე დაიწყება მუშაობა, რაც პოსტ კოვიდურ პერიოდში მნიშვნელოვანი და მიმზიდველია საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.
„ტურიზმს წელს გარკვეული შეზღუდვების გამო, ძალიან შეზღუდული ბიუჯეტი აქვს წინა წლებთან მიმართებით, თუმცა ვგეგმავთ, რომ კონკრეტული და ფოკუსირებული კამპანიები გავაკეთოთ. იგულისხმება ის, რომ ქვეყნის, როგორც უსაფრთხო დასვენების პოზიციონირება მოვახდინოთ და მეორე მხრივ, უშუალოდ იმ პროდუქტების პოპულარიზაციაზე ვიმუშავოთ, რაც პოსტ კოვიდურ პერიოდში მნიშვნელოვანი და მიმზიდველია ჩვენი საერთაშორისო ვიზიტორებისთვის“,-განაცხადა ჯანიაშვილმა.