Amazon-ის დამფუძნებლის, მილიარდერ ჯეფ ბეზოსის სარაკეტო კომპანია Blue Origin სუბორბიტალური ექსკურსიისთვის ბილეთების გაყიდვას იწყებს. ექსკურსიას კომპანიის კოსმოსური ხომალდი New Shepard განახორციელებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. სააგენტოს შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ამერიკული კომპანიები სულ უფრო მეტად აქტიურობენ კომერციული კოსმოსური მოგზაურობების ეპოქის მიმართულებით. სუბორბიტალური გაფრენა ბალისტიკური ტრაექტორიით კოსმოსურ პირველ სიჩქარეზე დაბალი სიჩქარით გაფრენაა, რომელიც ხელოვნური ხომალდის ორბიტაზე გასაყვანად არასაკმარისია.
Blue Origin დეტალებს მალე გაახმიანებს, თუ როგორ უნდა დაიკავონ მსურველებმა რეისზე ადგილები, როდის განხორციელდება პირველი რეისი და რა ეღირება ბილეთები. აქამდე ეს ყველაფერი Blue Origin-ის მკაცრად დაცულ მრავალწლიან შიდაკომერციულ საიდუმლოს წარმოადგენდა.
Reuters 2018 წელს Blue Origin-ის წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ თითო ბილეთის ფასი 200-დან 300 ათას დოლარამდე იქნებოდა და 200 ათას დოლარს არ ჩამოსცდებოდა. ეს ფასი კონკურენტი კომპანია Virgin Galactic Holdings-ის გეგმებითაც იყო გამოანგარიშებული. მისი მფლობელი, მილარდერი რიჩარდ ბრენსონია, რომელიც წლის ბოლოსთვის თავად აპირებს საკუთარი ხომალდით კოსმოსში გაფრენას. თუმცა Reuters წერს, რომ მას მერე ბევრი რამე შეიცვალა და შესაძლოა, კოსმოსურ რეისზე სხვა ფასიც დასახელდეს.
New Shepard-ის რაკეტა, კომბინირებული კაფსულით, ექვს მგზავრზეა გათვლილი და მას დედამიწიდან 100-ზე მეტი კილომეტრის სიმაღლეზე სუბორბიტალურ სივრცეში ავტონომიური ფრენა შეუძლია. ეს დედამიწიდან საკმარისი დაშორებაა, რომ მგზავრმა რამდენიმეწუთიანი უწონადობა შეიგრძნოს და ჰერმეტული კაფსულიდან მრუდე პლანეტის ხედით დატკბეს, როცა კაფსულა პარაშუტით დედამიწაზე დაბრუნებას დაიწყებს. კაფსულაში 6 სადამკვირვებლო ფანჯარაა, რომელიც, როგორც Blue Origin-ში ირწმუნებიან, Boeing 747-ის ფანჯრებთან შედარებით 3-ჯერ მაღალია.
საწყის ეტაპზე კოსმოსური ტურისტული მოგზაურობის ძირითად ბაზარს ცნობილი და უმდიდრესი ადამიანები წარმოადგენენ. თუმცა მოელიან, რომ Blue Origin რეისის ბილეთების სტრატეგიაში საქველმოქმედო კომპონენტსაც შეიტანს.
Blue Origin-ის განაცხადი ჯეფ ბეზოსისთვის უაღრესად მნივნელოვანი იმპულსია ილონ მასკის SpaceX-თან კონკურენციაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მასთან NASA-ს გახმაურებული, 2,9 მილიარდი დოლარის პროექტი წააგო. პროექტი უახლოეს წლებში მთვარეზე ამერიკელების დაბრუნებას ეხება.
„მთლიანად სამოქალაქო კოსმოსური რეისი“ SpaceX-საც აქვს ჩანიშნული. ილონ მასკი 4-კაციანი სამოქალაქო ეკიპაჟით რაკეტის ორბიტაზე გაშვებას წლის ბოლოსთვის აპირებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ