ტრანსპორტის და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გაერო-ს ექსპერტის, ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" თავმჯდომარის გელა კვაშილავას განცხადებით, მოპედებისთვის მართვის მოწმობებისა და სავალდებულო რეგისტრაციის კანონპროექტი ამ სფეროს რეგულაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც კვაშილავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, იმის გამო, რომ მართვის მოწმობის მოთხოვნა არ არსებობს, მოპედის ან სკუტერის მძღოლები საკუთარ თავს უფრო მეტ უფლებას აძლევენ, მათი დაფიქსირება შეუძლებელი ხდება და ეს კანონპროექტი არის ინსტრუმენტი, რომ მათი პასუხისმგებლობა გაიზარდოს.
მისივე თქმით, მოპედების ან სკუტერების მძღოლებს, რომლებიც 25კმ/სთ-ის ზემოთ სიჩქარით გადაადგილდებიან საქართველოში, თეორიული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, თუმცა სხვა ქვეყნებში უფრო რთული მოთხოვნებიც არსებობს.
„პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში 2019 წელს 20 000-მდე მოპედი, სკუტერი და მსგავსი სატრანსპორტო საშუალება იყო, თუმცა დღეის მონაცემებით, ეს რაოდენობა გასამმაგდა და ყოველწლიურად მატულობს, ამიტომ მნიშნველოვანია ამ სფეროს მოწესრიგება. პრაქტიკაა, რომ 50 კუბური მოცულობის ძრავის მქონე მოპედის მძღოლებს უნდა ჰქონდეთ გავლილი გარკვეული ტრენინგი და საბუთი, რომ შეუძლიათ ატარონ მსგავსი სატრანსპორტო საშუალება, ეს პრაქტიკა მიღებულია ევროპის ყველა ქვეყანაში და არამხოლოდ ევროპაში. ის მოპედები ან სკუტერები, რომლებიც გადაადგილდებიან 25კმ/სთ ზემოთ ყველა ქვეყანაში რეგულირდებიან, საქართველოში მათ თეორიული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, თუმცა სხვა ქვეყნებში არის უფრო რთული მოთხოვნებიც.
უამრავი ქურდობა ხდება ამ სატრანსპორტო საშუალებების და, ფაქტობრივად, შეუძლებელია მათი იდენტიფიცირება. თავად მფლობელების ინტერესებშიც შედის, რომ მოხდეს მათი დარეგისტრირება. უამრავი არასრულწლოვანი ჯდება ასეთ სატრანსპორტო საშუალებებზე და ყველასთვის ცნობილია, რომ ეს სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილდებიან ქვეითთა მოძრაობის ზოლზე, ტროტუარებზე, რა პრობლემაც უნდა მოვაგვაროთ, ასევე ხშირად ხდება საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები და ამ მიმართულებით, ამ სფეროს მოწესრიგება, რეგისტრაცია, მძღოლებისადმი მინიმალური მოთხოვნები და ამისთვის თეორიული გამოცდის ჩაბარება არ არის რთული, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში მოწესრიგდეს ეს საკითხი.
იმის გამო, რომ მართვის მოწმობის მოთხოვნა არ არსებობს, ეს ადამიანები უფრო მეტ უფლებას აძლევენ საკუთარ თავს, მათი დაფიქსირება შეუძლებელი ხდება და ეს არის ინსტრუმენტი, რომ მათი პასუხისმგებლობა გაიზარდოს. 2020 წელს 450 ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელთა დიდი ნაწილიც მოდის სიჩქარის გადაჭარბებაზე. ამაში შედის მსგავსი სატრანსპორტო საშუალებებიც და ეს კანონი ხელს შეუწყობს, რომ გაიზარდოს ჩაფხუტის ტარებაც და ის მოთხოვნებიც, რაც საჭიროა, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. იმის გამო, რომ რეგისტრაცია არ არსებობს, შეუძლებელია ზუსტი სტატისტიკა ვაწარმოოთ“, - აღნიშნა გელა კვაშილავამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მოპედებით გადაადგილებისთვის მძღოლებს მართვის მოწმობები დასჭირდებათ. გომელაურის თქმით, მოპედების რეგისტრაცია სავალდებულო გახდება.