ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში უფრო აქტიურად ცხადდება ფინანსურ მენეჯერსა და ფინანსურ დირექტორზე ვაკანსიები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროფესიაზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა საინტერესოა, რამდენად კარგად აქვთ დამქირავებელ კომპანიებს ფინანსისტის ფუნქცია-მოვალეობები გააზრებული და რამდენად აძლევენ მათ გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებას?
რა ფუნქციებს უნდა ასრულებდეს CFO, ანუ როგორც ვუწოდებთ ხოლმე - ფინანსური დირექტორი?
სამწუხაროდ, ქართულ ბიზნეს გარემოში ფინანსისტის რეალური ფუნქცია-მოვალეობა დამახინჯებულია, ფინანსისტი, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ რეპორტინგის სპეციალისტი ჰგონიათ ხოლმე, ანუ თანამშრომელი, რომელიც სხვადასხვა ტიპის ფინანსურ თუ სხვა სახის ანგარიშგებას ამზადებს და წარუდგენს დაინტერესებულ მხარეს, უფრო მეტიც, ფინანსისტებს სთხოვენ მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების მომზადებას და არა მის გააზრებასა და დასკვნების გამოტანას. აქედან გამომდინარე, იშვიათად შეხვდებით კომპანიებს, რომელთაც ნამდვილი ფინანსური დირექტორი ჰყავთ მენეჯმენტში. გარდა ამისა, ცუდი ფაქტი ისიც არის, რომ ფინანსისტი ასეთ გარემოს ეჩვევა, ანუ გარემოს სადაც მოთხოვნა მხოლოდ ვიწროსპეციალიზირებულ საქმიანობაზეა და ვერ ვითარდება შესაბამისად. საქართველოში ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს შეთავსებული აღმასრულებელ დირექტორს - CEO-ს, მათ შორის ფინანსური დეპარტამენტის მართვაც, რაც არასწორია, მათ უმრავლესობას ჰგონია, რომ მაღალანაზღაურებადი CFO არის ვალდებულება კომპანიისთვის და არა აქტივი, რასაც არ ვეთანხმები.
ზოგადად, CFO-ს ყველაზე ღირებული უნარი გარკვეულ დაშვებებზე დაფუძნებული მომავლის სწორი ხედვაა. დაშვებები ვერ იქნება აბსოლუტურად ზუსტი, თუმცა აუცილებლად უნდა იყოს სანდო სტატისტიკაზე დამყარებული და მაქსიმალურად ამცირებდეს განუსაზღვრელობებს. სტატისტიკა და სხვადასხვა ფინანსური მონაცემი კი სწორ წაკითხვასა და ანალიზს მოითხოვს - განმარტავს გიორგი ბალესიაშვილი, „ქუდოს ჯორჯიას“ თანადამფუძნებელი.
რა კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს CFO-ს?
CFO ძალიან კარგად უნდა ერკვეოდეს ბიზნესში, იმ ინდუსტრიაში, სადაც მუშაობს. ფინანსისტი მხოლოდ ციფრებზე დაყრდნობით ვერ გააკეთებს სწორ პროგნოზს და ვერ მიიღებს ეფექტურ გადაწყვეტილებას, თუ არ შეისწავლა ინდუსტრია და კონკურენტები, არ გაეცნო ბიზნეს სიახლეებს, არ გაითვალისწინა მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და სხვა.
ბუნებრივია, CFO-მ უნდა მიიღოს შესაბამისი განათლება ეკონომიკის, ბიზნეს მიმართულებით. გარდა ამისა, უწყვეტად უნდა ცდილობდეს ცოდნის გაღრმავებას, ესწრებოდეს ღონისძიებებს, ვებინარებს, ტრენინგებს, გაზარდოს ნეთვორქინგი, ჰქონდეს სხვადასხვა პროფესიის ადამიანთან კომუნიკაცია, რაც არსებითად დაეხმარება შესაძლებლობების ანალიზში.
CFO-ს უნდა ჰქონდეს კომუნიკაციის ძლიერი უნარები, რადგან სწორედ მას აქვს ინვესტორებთან და დაინტერესებულ სხვა მხარესთან პირდაპირი და ხშირი კომუნიკაცია, უნდა მოახერხოს მათთვის სწორი მესიჯების გადაცემა და ნათლად ახსნას კომპანიის წარსული მდგომარეობა, აწმყო და სამომავლო სტრატეგია, მის მიერ გაკეთებული დაშვებები, გამოიკვლიოს კომპანიის წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზები. უფრო მოკლედ, CFO-მ თუ კარგად იცის წარსული, შეუძლია აწმყოს კონტროლიც, ეს უკანასკნელი კი მომავლის სწორ დაგეგმვაში დაეხმარება. საფუძვლიანი ისტორიული ერუდიცია და თანადროული ვითარების ღრმა და ამომწურავი ცოდნა - ეს არის ორი ძირითადი ქვაკუთხედი.
დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში, მნიშვნელოვანია ახალი ტექნოლოგიების ცოდნა, სხვადასხვა ტიპის ბუღალტრული, ფინანსური თუ მენეჯმენტ სოფტების დანერგვით შესაძლებელი ხდება მნიშვნელოვანი დროის გამოთავისუფლება, რაც ახალი შესაძლებლობების ძიებასა და კონკურენტი კომპანიების შესწავლას უნდა ეთმობოდეს.
ფინანსურ მენეჯმენტში ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილება, CFO იშვიათ შემთხვევაში იქნება შემდგარი პროფესიონალი, თუ მას სხვადასხვა სექტორში არ აქვს ნამუშევარი და არ იცნობს ზოგად ბიზნეს გარემოს და მის მახასიათებლებს, ამ ყველაფერს კი ერთი და ორი წელიწადი არ ჰყოფნის. CFO, გარკვეულწილად უნდა იყოს ანტერპრენერიც, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, CFO უნდა იყოს ანტერპრენერი ფინანსური განათლებით.
CFO-ს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ მისი ძირითადი მიზანი კომპანიის მესაკუთრეების სიმდიდრის/კეთილდღეობის ზრდაა - მოგვითხრობს გიორგი ბალესიაშვილი.
Kudos Georgia-ს შესახებ
ფინანსური მომსახურების კომპანია „ქუდოს ჯორჯია“ წარმოადგენს აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის „Kudos International Network“-ის სრულუფლებიან წევრს, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 35-ზე მეტ ქვეყანაში.
„ქუდოს ჯორჯია“ პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კომპანიებს.
კომპანია „Forum of Firms“-ის წევრია. ფორუმის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ფირმებისათვის, რომლებმაც დანერგეს გლობალურად კოორდინირებული შიდა ხარისხის უზრუნველყოფის გადახედვის პროგრამა, საქმიანობის პროცესში იყენებენ აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს (ISAs) და აკმაყოფილებენ სხვა შესაბამის ეთიკურ მოთხოვნებს.