„აწარმოე საქართველოში“ დახმარებით ამოქმედებულმა კიდევ ერთმა საწარმომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა ევროკავშირში დაიწყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორთან მიხეილ ხიდურელთან ერთად, სამშენებლო მასალების საწარმოში "ფორმულა ქონსთრაქშენში“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, საწარმო უახლესი ტექნოლოგიებით, მანქანა-დანადგარებითა და ულტრათანამედროვე ლაბორატორიით არის აღჭურვილი.
მათივე ცნობით, საწარმო სხვადასხვა სახეობის მშრალ ნაზავს, წებო-ცემენტს, ბათქაშს, თვითსწორებად იატაკსა და სხვა სახის პროდუქციას აწარმოებს.
„საწარმო ამოქმედდა და შეიქმნა ჩვენი პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით და გარდა იმისა, რომ საქართველოს ბაზარს ამარაგებენ, დღეს პირველი დღეა, როცა პროდუქციას ექსპორტზე უშვებენ ევროკავშირში, კერძოდ ლიეტუვაში. ძალიან გვეამაყება, რომ ეს საწარმო სწორედ ჩვენი დახმარებით მოქმედებს, 30 ადამიანს ასაქმებს და ამავდროულად აქვს პერსპექტივები, გააფართოვონ ბაზარი, ევროკავშირს მიაწოდონ საქართველოში წარმოებული საშენი მასალები და გაზარდონ დასაქმებულთა რიცხვი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საწარმო 2018 წელს შეიქმნა და მასში 5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.