საშინაო ფიტნესის ამერიკულმა კომპანია Peloton-მა სარბენი ბილიკების , Tread+ და Tread მოდელების გაყიდვიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება დღეს გაავრცელა. გარდა ამისა, Peloton-მა აღიარა, რომ დაუშვა შეცდომა, როცა ამ საკითხზე აშშ-ს სამომხმარებლო ნივთების უსაფრთხოების კომისიის (CPSC) მოთხოვნა არ გაიზიარა. გაყიდვიდან Peloton-ის 125 000 სარბენი ბილიკი ამოიღეს.
CPSC-ის მონაცემებით, აღნიშნულ სარბენ ბილიკებზე ერთი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო 70-მა ტრავმა მიიღო. გასულ თვეს უსაფრთხოების კომისიამ Peloton გააფრთხილა, რომ მისი სარბენი ბილიკები ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, მაგრამ კომპანიამ მაშინ ეს არ გაითვალისწინა და Tread+ და Tread-ის გაყიდვიდან ამოღებაზე უარი განაცხადა.
„Peloton-მა დაუშვა შეცდომა, როცა CPSC-ს უარით უპასუხა. ჩვენ თავიდანვე უფრო პროდუქტიულად უნდა გვეთანამშრომლა კომისიასთან. ამის გამო ბოდიშს ვიხდით,“ - აცხადებს Peloton-ის გენერალური დირექტორი ჯონ ფოული.
თავის მხრივ, სამომხმარებლო ნივთების უსაფრთხოების ფედერალური კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რობერტ ადლერი ამბობს, რომ Peloton-ის ასეთი განცხადება და პოზიტიური გადაწყვეტილება მასთან კომისიის რამდენიმეკვირიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგია.
„ჩვენი ძალისხმევა თანამშრომლობის შეთანხმებით დასრულდა, რომელიც ემსახურება როგორც Peloton-ის, ისე მომხმარებლების საუკეთესო ინტერესებს,“ - აცხადებს რობერტ ადლერი.
Tread+ სარბენი ბილიკის ღირებულება 4295 დოლარია, ხოლო Tread-ი შედარებით დაბალფასიანია და 2495 დოლარი ღირს. დღეს Peloton-მა ორივე სარბენი ბილიკი თავისი საიტიდან ამოიღო. ეს მოხდა ზუსტად ორი კვირის თავზე, რაც CPSC-მა მომხმარებლებისთვის „სასწრაფო გაფრთხილება“ გაავრცელა. მასში ეწერა, რომ სულ ცოტა 39 შემთხვევა მოხდა, როცა სარბენმა ბილიკმა ბავშვი აპარატის ქვეშ შეითრია. კომისიამ ვიდეოც გაავრცელა. მასში კარგად ჩანს, რომ ჩართული სარბენი ბილიკი, რომლის წინაც ბავშვი ზის და თამაშობს, ადგილიდან წყდება და ბავშვს ხელებით შიგნით ითრევს. თუმცა ამ ვიდეოში ბავშვი, საბედნიეროდ, არ დაშავებულა. კომისიამ კონკრეტული მასალები სხვა ინციდენტებზეც გამოქვეყნა, რომლებიც, მაგალითად, მოზრდილი ადამიანის ვარჯიშის დროს ბავშვის დაზიანებას ან შინაური ცხოველებისა თუ საგნების ბილიკში შეთრევას ასახავს, რაც მასზე მოვარჯიშე ადამიანს აზიანებს. მაშინ Peloton-მა უსაფრთხოების კომისიის ანგარიში შეაფასა, როგორც „არასწორი და შეცდომაში შემყვანი.“ თუმცა რადიკალურად შეცვლილი პოზიციის შემდეგ, Peloton კომისიასთან ერთად სარბენი ბილიკებისთვის „უსაფრთხოების ახალი სტანდარტების დაწესებას აპირებს.“ კომპანია დაზარალებულებს კომპენსაციასაც გადაუხდის.
დღეს გავრცელებული ინფორმაციების შემდეგ Peloton-ის აქციები შვიდთვიან მინიმუმამდე დაეცა და მათმა ღირებულებამ 12%-ით მოიკლო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ