ოქრო ისევ გაძვირდა - უნციის ფასმა 1 800 დოლარს გადააჭარბა

MarketWatch-ის მონაცემებით, სავაჭრო ბირჟაზე ოქრო გაძვირდა და მისი ფასი, თებერვლიდან მოყოლებული, პირველად 1 800 დოლარს გადასცდა. US Treasuries შემოსავლიანობის კლებისა და აშშ დოლარის დასუსტების ფონზე, ხუთშაბათს ივნისის ფიუჩერსები უნცია ოქროზე 1 813 დოლარად იყიდებოდა, რაც, წინა სესიის დახურვასთან შედარებით, 28,7 დოლარით, 1,61%-ით მეტია. ვაჭრობის დროს კონტრაქტების ფასი უნცია ოქროზე 1 814,4 დოლარამდეც ადიოდა.

„უნციაზე 1800 დოლარზე მეტი ნიშნული ოქროსთვის ფასის ზრდის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ბოლო სამი კვირის განმავლობაში ამ ძვირფასი ლითონის ფასს ასეთი ნიშნულის გადალახვის ხუთი უშედეგო მცდელობა ჰქონდა,“ - აცხადებს Metals Daily-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი როს ნორმანი. მისი შეფასებით, ოქროს გაძვირება ვერცხლის ფასის ზრდამაც განაპირობა. იმავე დღეს, ხუთშაბათს უნცია ვერცხლზე ივნისის ფიუჩერსები 0,92 დოლარით, 3,5%-ით გაძვირდა და 27,45 დოლარი შეადგინა.

Zaner-ის ანალიტიკოსები თავიანთ მიმოხილვაში აღნიშნავენ, რომ ძვირფასი ლითონების ფასის ზრდაზე მოთამაშე ტრეიდერებმა იმითიც მოიგეს, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა, იგივე ცენტრალური ბანკი გრძელვადიანი დაბალი საპროცენტო განაკვეთის დატოვებას აპირებს, რაც ინვესტორებისთვის მეტად ხელსაყრელია. ბანკის ამ განცხადებამ ტრეიდერები ოდნავ დაამშვიდა აშშ-ს ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენის მიერ კვირის დასაწყისში გაკეთებული მკაცრი განცხადების შემდეგ, რომ სარეზერვო სისტემას საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოუწევს. მისი თქმით, ეს აუცილებელია, რომ ამერიკის ეკონომიკა არ გადაიწვას. მინისტრის განცხადება სამშაბათს The Atlantic-მა გამოაქვეყნა, რამაც ოქროს ფასის დაცემა გამოიწვია. თუმცა მოგვიანებით ჯანეტ იელენმა პოზიცია შეარბილა და განმარტა, რომ არ აპირებს ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის პროგნოზირებასა და მისთვის რეკომენდაციების მიცემას. ამის შემდეგ ძვირფასი ლითონის ფასმა კვლავ მოიმატა.

ხუთშაბათს US Treasuries-ის 10-წლის შემოსავლიანობამ, წინა დღის 1,576%-თან შედარებით, წლიური 1,57% შეადგინა, ICE დოლარის ინდექსმა კი 0,4% დაკარგა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ