„ასტრაზენეკას“ არავითარი აუთვისებელი დოზა არ იქნება, რადგან საკმაოდ ინტენსიურია აცრები, ამის საშიშროება არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გაყრელიძემ ვებინარის ფარგლებში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვაქცინაციის პროცესი გააქტიურდა.
„ბოლო 3 დღის განმავლობაში „სინოფარმით“ აცრილია 3941 პირი, ხოლო „ასტრაზენეკათი“ საერთოდ აცრილია 28 190 პირი, ამავე დროს, 7 მაისიდან 10 ივნისამდე „სინოფარმზე“ ჯავშანი აქვს გაკეთებული 25 771 ადამიანს, ხოლო „ასტრაზენეკაზე“ ჯავშანი აქვს გაკეთებული 17 216 ადამიანს. ვფიქრობ, „ასტრაზენეკაზე“ არავითარი აუთვისებელი დოზა არ იქნება, რადგან საკმაოდ ინტენსიურია აცრები, ამის საშიშროება არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მან ასევე დაადასტურა, რომ ვაქცინაციის პროცესში დისტანციურ დაჯავშნასთან დაკავშირებით პრობლემები არის და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„ეს პრობლემები განსაკუთრებით რეგიონებში გვაქვს. ამიტომ, ჩვენ რეგიონებში დავუშვით ასევე ცოცხალი რიგების არსებობა, ადამიანებს შეუძლიათ რიგში დგომის შემდეგ აიცრან. ასევე ვფიქრობთ, თბილისშიც იყოს რამდენიმე დაწესებულება, სადაც წინასწარი ჩაწერის გარდა, ადამიანებს ექნებათ საშუალება, მიბრძანდნენ და ცოცხალი რიგის საშუალებით აიცრან. ამ საკითხებზე ვმუშაობთ. ასევე განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს გვინდა მივეხმაროთ. „წითელი ჯვარი“ უკვე ჩაერთო ამ საკითხში თავიანთი მოხალისეებით, რომ მიეხმარონ ადამიანებს, ვისაც არ აქვთ ინტერნეტთან და კომპიუტერთან მუშაობის ჩვევები, რომ დარეგისტრირებაში მიეხმარონ. გარდა ამისა, სამინისტრომ განაცხადა, რომ შეიქმნება ე.წ. იმუნიზაციის ოფიცერთა კორპუსი, სადაც ძირითადად, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები მიეხმარებიან მოსახლეობას“,- განაცხადა გამყრელიძემ.