აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა სირიის წინააღმდეგ დაწესებული საქნციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. საუბარია შეზღუდვის ცალკეული ზომების შენარჩუნებაზე, რომლებიც ვაშინგტონმა დამასკოს 2004-2012 წლებში დაუწესა.
ეს რესტრიქციები ამერიკის იურისდიქციის ქვეშ არსებული ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივების გაყინვას, ასევე, გარკვეული კატეგორიის ამერიკული პროდუქციის სირიაში ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის განცხადებაში წერია, რომ სირიის ხელისუფლება „სჩადის ძალადობას და არღვევს ადამიანის უფლებებს.“ ბაიდენი ასადის რეჟიმს და მის მომხრეებს მოუწოდებს, „შეწყვიტოს საომარი მოქმედებები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შემოიღოს, მიაწოდოს ჰუმანიტარული დახმარება ყველა იმ სირიელს, ვისაც ის ესაჭიროება და სირიაში პოლიტიკური დარეგულირების საკითხი განიხილოს“. აშშ დააკვირდება, გაითვალისწინებს თუ არა სირიის ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს და სამომავლოდ ამის შესაბამისად იმოქმედებს.