საქართველოში ბაღის მარწყვის სეზონი უკვე დაწყო. ჯერ კიდევ გასულ კვირას, ბაზარზე ძირითადად, თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქტი იყიდებოდა. ამ კვირაში კი, ბაზრებში ძირითადად ადგილობრივი მარწყვი გამოჩნდა.
East fruit-თან საუბრისას ფერმერები აცხადებენ, რომ წელს კარგი მოსავალი და შედარებით დაბალი ფასებია. კერძოდ, ამ დროისთვის 1 კგ მარწყვი საშუალოდ, 0,58-1,16 აშშ დოლარი ღირს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს მხოლოდ სეზონის დასაწყისია, ფერმერები შიშობენ, რომ ერთ-ორ კვირაში მიწოდება პიკს მიაღწევს და ფასები კიდევ უფრო დაეცემა.
ამჟამად მოსავლის აღება კახეთის რეგიონში მიმდინარეობს, რომელიც ცოტა ხნის წინ დაისეტყვა. საშუალო კატეგორიის მარწყვის ფასი 2 ლარიდან იწყება , ხოლო პრემიუმ კლასის 4 ლარამდე ღირს. ამასთან, ადგილობრივ მარწყვთან ერთად, ბაზარზე ასევე იყიდება იმპორტირებული თურქული კენკრა, რომლის ფასი 5-7 ლარამდე მერყეობს.
EastFruit–ის ფასის მონიტორინგის მიხედვით, 2020 წელს მარწყვის საშუალო საბითუმო ფასი 6 ლარი იყო, ხოლო მაისის ბოლოს, მინიმალური საშუალო ფასი 4 ლარი. წელს დაბალი ფასები მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება. ფერმერები ამბობენ, რომ მოთხოვნა წელს კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე გასულ სეზონზე.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადგილობრივი კენკრის გაყიდვებზე, არის თურქეთიდან იმპორტირებული მარწყვი, რომელიც როგორც წესი, უკეთესი ხარისხის და უფრო იაფია.
ამას ემატება ისიც, რომ 3 მაისიდან 12 მაისამდე ქვეყანაში საქალაქო ტრანსპორტი შეჩერებულია, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს კენკრის გაყიდვებზე. დიდ ქალაქებში გადამყიდველები შემცირებული რეალიზაციის მოლოდინით, მწარმოებლებისგან ნაკლებ კენკრას ყიდულობენ.