,,არაერთხელ მივმართეთ სამინისტროს, რეგულაციების შექმნის მოთხოვნით. თუმცა, ქვეყანაში სხვა ბევრი პრობლემაა და როგორც ჩანს, სახელმწიფოს ჩვენთვის არ სცალია“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სილამაზის სალონების ფედერაციის ხელმძღვანელმა თამარ შარაშენიძემ განუცხადა.
სალონების ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მთავარი გამოწვევა, კვლავ ბინაზე მომსახურებაა, რაც სალონებს ძალიან ბევრ კლიენტს აკარგვინებს. პრევენციისთვის, აუცილებელია საკანონმდებლო ბაზა, რომლის შესაქმნელადაც ხელისუფლებამ ვერ მოიცალა.
„პარადოქსული ციფრები გვაქვს, მომხმარებელი მცირდება, სალონების რიცხვი კი ბოლო თვეებში გაიზარდა. ეს გამოწვეულია, პირველ ეტაპზე დახურული სალონების, ახალ ლოკაციებზე გახსნით. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტები გვემატება, მომხმარებელი ცხადია ძალიან ცოტაა და ამას თავისი ბევრი მიზეზი აქვს, დაწყებული ეპიდსიტუაციით, ეკონომიკური მდგომარეობით დამთავრებული. ასევე ზოგადი ფონი, რომელიც ქვეყანაშია. ადამიანები, უბრალოდ, ვერსად მიდიან. შესაბამისად, არაფერში სჭირდებათ განსაკუთრებული სალონური მომსახურება.
ყველაზე დიდი გამოწვევა დღესაც სალონური ბიზნესისთვის ბინებზე მომსახურების გააქტიურებაა. არაერთხელ მივმართეთ სამინისტროს, რეგულაციების შექმნის მოთხოვნით. თუმცა, ქვეყენაში სხვა ბევრი პრობლემაა და როგორც ჩანს, სახელმწიფოს ჩვენთვის არ სცალია. არადა, ახლა ვუბრუნდებით წლების წინანდელ სიტუაციას, როცა სექტორი მოუწესრიგებელი იყო და სახლებში დადიოდნენ სტილისტები და სალონური მომსახურების გამწევი სხვა პირები.
პირველი ლოქდაუნის დროს სოციალურ ქსელში ძალიან აქტუალური რეკლამები წავიდა სახლებში ვიზიტებზე და მომსახურებაზე. ამან გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი დარჩა და არ დაბრუნდა სალონში, საუბარია როგორც მომხმარებელზე, ასევე დასაქმებულზე. ასეთ შემთხვევაში ბიზნესი უკან და უკან წავიდა.
ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჯანდაცვის და ეკონომიკის სამინისტროსთან, მივმართეთ თხოვნით, რომ ბინაზე მომსახურების რეგულაციები შემოიღონ. ვიღაც ალბათ, ფიქრობს, რომ რა დროს რეგულაციებია, ქვეყანა თავზე გვენგრევაო, მაგრამ მერწმუნეთ, ასე არ არის. ამ საკითხის დარეგულირებით, ბევრი პრობლემა გვარდება. იმის გარდა, რომ ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვისაც. სტილისტი, რომელიც ბინაზე ემსახურება მომხმარებელს, ის ხომ გადასახადს არ იხდის“, - ამბობს თამარ შარაშიძე.