„წარმოებას 100%-ით გავზრდით, საექსპორტო ბაზრების მოთხოვნა რომ დავაკმაყოფილოთ“, - ამის შესახებ შპს „ნადი გრუპის“, ლოკოკინების ფერმის ხელმძღვანელმა მერაბ ნადარაიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მაისში გასულ სეზონთან შედარებით, 3-ჯერ მეტი პროდუქტი გავა ექსპორტზე. სამომავლოდ კი, ახალი ბაზრიდან წამოსული მოთხოვნის გათვალისწინებით, მოსავლის რაოდენობა გაორმაგდება.
შპს „ნადი გრუპს“ დეკემბერში აღებული მოსავლიდან 45 ტონა მაისში იტალიაში გააქვს, ეს მაშინ, როდესაც წინა სეზონზე მხოლოდ 15 ტონის ექსპორტი განახორციელა.
ცნობისთვის, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ეს არის ევროპული ჯიშების ლოკოკინები, რომელთა გამრავლებაც საქართველოში ხდება.
„ჯერჯერობით პროდუქტი არ გაგვიგზავნია, საბუთების გაფორმების პროცესში ვართ. ეს არის დეკემბერში მიღებული პროდუქტი, რომელიც გეგმის მიხედვით, მაისის ბოლოს უნდა გაიგზავნოს. პროდუქტი მაცივარში უნდა მოთავსდეს მინიმუმ, 2 თვე, რომ ლოკოკინამ დაჭუპრება მოასწროს და შემდეგ ხდება რეალიზაცია.
ჩვენ ახლა მოლაპარაკებები გვაქვს ჩინეთთანაც, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ვფიქრობთ, ერთი წლის განმავლობაში წარმოებას 100%-ით გავზრდი, საექსპორტო ბაზრების მოთხოვნა რომ დავაკმაყოფილოთ“,- განაცხადა მერაბ ნადარაიამ.
რაც შეეხება ადგილობრივ მოთხოვნას, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, პანდემიის გამო აქტიური კამპანია ვერ მიმდინარეობდა, შესაბამისად, მოთხოვნა არ გაზრდილა. თუმცა, შპს „ნადი გრუპი“ ამ მიმართულებითაც გეგმავს გააქტიურებას.
„ადგილზე მოთხოვნა არ გაზრდილა, რადგან ჩვენ ფაქტობრივად, არ გვქონია აქტივობები. იმიტომ, რომ ტურიზმის სექტორი გაჩერებულია, პანდემია უტევს... შესაბამისად, ვგეგმავთ, რომ უკვე ზაფხულიდან დავიწყოთ პროდუქტის პოპულარიზაცია“, - აცხადებს მერაბ ნადარაია.
კომპანიის ხელმძღვანელმა რამდენიმე თვის წინ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ნახევარფაბრიკატების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაც დააანონსა. თუმცა, როგორც მერაბ ნადარაია ამბობს, პანდემიის გამო იტალიელი პარტნიორების ჩამოსვლა ვერ მოხერხდა. ამიტომ, ამჟამად საწარმოს დისტანციურად პროექტირება მიმდინარეობს.
„ახლა პროექტირება მიმდინარეობს. რაც დისტანციურად შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ. სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორები ვერ ჩამოდიან და როგორც კი პანდემია გადაივლის, იმედია ეს მალე იქნება, უკვე ფიზიკურად შევხვდებით მათ, დაიწყება აქტიური ფიზიკური მუშაობა“, - ამბობს მერაბ ნადარაია.