სამთავრობო ცვლილებების შემდეგ, მმართველ გუნდში ცვლილება გასული თვის მიწურულს საკანონმდებლო ორგანოშიც განხორციელდა.
კერძოდ, რამდენიმე დღეა, რაც კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა. ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კი ვიცე-სპიკერი გახდა.
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებამდე კუჭავა ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებდა საკანონმდებლო ორგანოში. კუჭავა „ქართულ ოცნებას“ 206 წლიდან შეუერთდა. ის პროფესიით იურისტია, კორპორაციული სამართლის სპეციალისტი.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკაში მოსვლამდე საზოგადოება მას, როგორც წარმატებულ ბიზნესმენს, ისე იცნობდა. მისი ბიზნესისტორია 2011 წელს დაიწყო, როცა დააარსა კომპანია Caucasus Minerals, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გეოლოგიურ კვლევასა და განვითარებას აწარმოებს.
როგორც მიმდინარე წლის იანვარში შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, 2020 წელს პარლამენტის წევრობისას მისმა შემოსავალმა 77 962 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება პარლამენტის ახლად არჩეული თავმჯდომარის ქონებასა და ფინანსურ მდგომარეობას, კუჭავა ფლობს ერთ ბინას თბილისში. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე 3 328 ლარი ჰქონდა. მანვე საანგარიშო პერიოდში ძმისგან მიიღო 3 ათასი ლარის ოდენობის თანხა. ამასთან, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, კუჭავას სახელზე ფიქსირდება ორი სესხი.
პარლამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. დეკლარაციის შევსების მომენტში მის მეუღლეს ნაღდი ფულადი თანხის სახით, 4 000 დოლარი ჰქონდა. ამასთან, ის არის შპს "მაისითი თბილისის" 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის საქმიანობითაც შემოსავალი არ მიუღია გასულ წელს, როგორც ინდმეწარმემ კი 7 708 ლარის შემოსავალი მიიღო.