ამერიკულმა კომპანიამ Honest Company Inc., რომლის დამფუძნებელი ცნობილი მსახიობი ჯესიკა ალბაა, IPO-ზე 1,45 მილიარდიანი შეფასება მიიღო. ჯამში, აქციების პირველადი განთავსებისას გაიყიდა 25,807 მლნ ჩვეულებრივი აქცია, თითო - 16 დოლარად. თავად კომპანიამ გაყიდა 6,452 მილიონი აქცია, ხოლო აქციონერებმა 19,355 მლნ აქცია. IPO-ს მოცულობამ კი 413 მილიონი დოლარი შეადგინა.
გარდა ამისა, IPO-ს ანდერრეიტერებმა აქციონერებისგან მიიღეს 30-დღიანი ოპციონი კომპანიის დამატებით 3,87 მილიონი აქციის რეალიზებაზე. Honest-ის აქციებით ვაჭრობა დაიწყო Nasdaq-ის ბირჟაზე ტიკერით - HNST.
Honest-ი 2011 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს სამომხმარებლო საქონელს, რომელიც არ შეიცავს ტოქსიკურ ინგრედიენტებს. მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტია საბავშვო საფენები, რომელიც დამზადებულია ჰიპოალერგიული მასალებისგან, ასევე აწარმოებს მზისგან დამცავ კრემებს, სარეცხ ფხვნილებს და ა.შ. კომპანიის ნაწარმი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდა დედებში.
ცნობისთვის, 2020 წლის შედეგებით, Honest-ის შემოსავლები 27,6%-ით 300,5 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.