აშშ-ის 100 უმდიდრესი ადამიანი, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის 100 დღის განმავლობაში, 195 მილიარდი დოლარით გამდიდრდა. Bloomberg-ის ცნობით, ეს ამერიკულ ბირჟებზე აქციების ზრდით, 1,9 ტრილიონი დოლარის სტიმულირების პაკეტისა და ვაქცინაციის მაღალი ტემპებით აიხსნება. აღსანიშნავია, რომ S&P 500 და Dow Jones-ის ინდექსები ბაიდენის პრეზიდენტობის შემდეგ 10%-ით არის გაზრდილი.
საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებიდან ბაიდენის ინაუგურაციამდე კი, ამ უმდიდრესმა ადამიანებმა 267 მილიარდი დოლარი გამოიმუშავეს. შედეგად, 2020 წლის 4 ნოემბრიდან, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული უმდიდრესი ამერიკელების კაპიტალი გაზრდილია ჯამში, 461 მილიარდი დოლარით. შედარებისთვის, 2017 წელს დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან გასული წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ეს ხალხი ჯამში, 860 მილიარდი დოლარით გამდიდრდა.
ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მონაცემებით, 100 უმდიდრესი ამერიკელის ქონება ამ დროისთვის, ჯამში 2,9 ტრილიონ დოლარს აღწევს, მაშინ როცა ამერიკის მოსახლეობის შეძლებული ფენის 50% 2,5 ტრილიონი დოლარის ქონებას ფლობს.
ამასთან, გასული წლის არჩევნებიდან მოყოლებული, ამერიკის 10 ყველაზე მდიდარი ადამიანი დამატებით 255 მილიარდი დოლარით გამდიდრდა და მათმა ქონებამ ჯამში, 1,2 ტრილიონი დოლარი შეადგინა.