დე ფაქტო აფხაზეთიდან კრიპტოვალუტის მაინინგ-მოწყობილობების ექსპორტის მოცულობამ 160 მლნ რუბლს გადააჭარბა (დაახლოებით 2,160 მლნ დოლარი). ამის შესახებ Sputnik abkhazia-სთან საუბრისას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილების უფროსმა ასიდა კვიცინიამ განაცხადა.
მისი თქმით, აფხაზეთიდან მაინინგ-მოწყობილობების ექსპორტი მიმდინარე წლის თებერვლიდან მიმდინარეობს და ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 20 467 ერთეული მოწყობილობაა ექსპორტირებული, ჯამში 160 მლნ რუბლზე მეტი ღირებულების.
აფხაზეთში კრიპტოვალუტის მოპოვება და მაინინგ-მოწყობილობების შეტანა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის მიერ 2022 წლის 31 მარტამდე აკრძალულია. შეგახსენებთ, რომ ამ აკრძალვას მიმდინარე წლის 1-ლი ივნისამდე უნდა ემოქმედა, თუმცა აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტისა და დიდი დატვირთვით მომუშავე სისტემაში ავარიების მაღალი საფრთხის გამო სეპარატისტებმა აკრძალვა გადაავადეს.
31 მარტს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით ცვლილებები შეიტანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ე.წ. კოდექსში, რომლის თანახმად ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება როგორც ჯარიმის, ისე თავისუფლების აღკვეთის სახით ისჯება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ