მოიჯარეები, იმ მიწების გამოსყიდვას, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებენ, 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში 2000-მდე მოიჯარეა, რომელიც ამ უფლებით ისარგებლებს.
„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე ხნის წინ მოიჯარეებს დავრთეთ ნება, ვინც მრავალი წლის მანძილზე ამუშავებს სახელმწიფო მიწებს, პირდაპირი წესით საბაზრო ფასად გამოისყიდონ ეს იჯარით აღებული მიწის ნაკვეთები. მთავარი ამოცანა არის ის, რომ დაუმუშავებელი არ დარჩეს მიწის ნაკვეთები და მათ შეძლონ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა, თუმცა ვაკვირდებოდით ტენდენციას, ფასები საკმაოდ მაღალი არის და შესაბამისად ბევრ მოიჯარეს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, ისარგებლოს ამ უფლებით. აქედან გამომდინარე ჩვენ ვიმსჯელეთ და იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და საშუალება მივცეთ მოიჯარეებს, რომ უფრო ეფექტურად გამოიყენონ თავისი უფლება და პირდაპირი წესით შეიძინონ ეს მიწები - გადავწყვიტეთ, რომ ამიერიდან ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება 25%-იანი ფასდაკლებით, ანუ შეფასებული მიწა 100%-იანი ფასიდან 25% იქნება „დისკაუნტი“, რომლითაც ისარგებლებენ მოიჯარეები. ეს მცირე მიწის ნაკვეთების იჯარის მფლობელ ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, რომ ისარგებლონ ამ უფლებით, შეიძინონ მიწა, დაამუშაონ და რა თქმა უნდა, მოიზიდონ საბანკო დაფინანსება, კერძო ინვესტიციები და ისარგებლონ ფართო სახელმწიფო პროგრამებით. 2000-მდე ასეთი მოიჯარე არსებობს საქართველოში, ეს ადამიანები წლებია ამუშავებენ ამ მიწას და ახლა ეს გადაწყვეტილება უფრო ხელმისაწვდომს გახდის მიწის გამოსყიდვის შესაძლებლობებს. საბოლოო ამოცანა არის ის, რომ არცერთი აქტივი არ დარჩეს გაჩერებული, მიწა არ იყოს დაუმუშავებელი და ყველაფერი ემსახურებოდეს ეკონომიკის აღდგენას და დასაქმებას", - განაცხადა თურნავამ.