მთავრობის სხდომაზე ტექნიკური რეგლამენტი „პესტიციდების მდგრადი გამოყენების მისაღწევად გასატარებელი ღონისძიების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, რეგლამენტი ევროკავშირთან ასოცირების და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში მომზადდა.
ამასთან, რეგლამენტი განსაზღვრავს პესტიციდების მდგრადი გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მათი გამოყენებით გამოწვეული რისკებისა და უარყოფითი ზემოქმედების შემცირების, მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვისა და ისეთი ალტერნატიული მეთოდების გამოყენების გზით, როგორიცაა პესტიციდების არაქიმიური ალტერნატივები.
რეგლამენტის თანახმად, შემუშავდება სამოქმედო გეგმა, სადაც აღწერილი იქნება, თუ როგორ უზრუნველყოფს ქვეყანა მავნე ორგანიზმების ინტეგრირებული მართვის პრინციპების განხორციელებას; პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს, მცენარეთა დაცვისას და მავნე ორგანიზმებისა და კულტურების მენეჯმენტისას არაქიმიური მეთოდების გამოყენებას.
„მიღებული რეგლამენტის ამოქმედება უზრუნველყოფს პესტიციდების ბაზარზე განთავსების პროცედურების სრულყოფას, რაც წარმოადგენს მცენარეთა დაცვის საშუალებების ეფექტიანი გამოყენებისა და ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხო მოხმარების საფუძველს.
რეგლამენტი ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა. რეგლამენტის ამოქმედებისთვის გარდამავალი პერიოდის დაწესება განპირობებულია იმით, რომ სუბიექტებს, ისევე როგორც მაკონტროლებელ ორგანოებს, რომლებზეც გავრცელდება აქტის მოქმედება, მიეცეთ სათანადო დრო, რათა ახალი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მოემზადონ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.