,,მგონია, რომ არ გეგმავენ პრობლემის მოგვარებას და სჭირდებათ შირმა, რომ ყველაფერი კარგად არის.
მეორეს მხრივ კი უნდათ, არა ფუნდამენტური, არამედ ისეთი რეფორმების გატარება, რაც ევროპაში მოეწონებათ“, - ასე შეაფასა ,,გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ პრემიერის მიერ ინვესტიციების დარგში მრჩევლის დანიშვნა.
რაქვიაშილის თქმით, ღარიბაშვილი ლიდერშიფში ბევრი წელია არის და მას არ უნდა სჭირდებოდეს მრჩეველი იმისთვის, რა არის პრიორიტეტი გარემოს გაჯანსაღებისთვის.
,,მრჩეველი ვერ იქნება ინვესტიციების მოზიდვის წამალი. მე, რასაც მოვუსმინე პირველი კომენტარი იყო, რომ საქართველო უნდა იყოს მწვანე ციფრული და თანამედროვე. ძალიან ცუდი იქნება, თუ ეს მართლა ახალი მრჩეველის პოზიცია აღმოჩნდება.
თუ მრჩეველი შეითავსებს უცხოელ ინვესტორებთან მოსაუბრის როლს, რომელიც მათთვის გააკეთებს პრეზენტაციებს, ეს ძალიან კარგია. მაგრამ თუ ღარიბაშვილმა ჩათვალა, რომ მას ნამდვილად რჩევების მისაღებად სჭირდება ეს ადამიანი, ძალიან ცუდად გვქონია საქმე. ის არ არის ახალი ადამიანი, რომელიც ახლა მოვიდა ლიდერშიფში. მას პრემიერობის და არაერთ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. უკვე ცხადი უნდა იყოს, რომ მწვანე საკითხები არ არის ის, რაც ჩვენ პირველ რიგში გვაღელვებს, ჩვენს დღის წესრიგი ბევრი რამეა - სამართლიანი სასამართლოთი დაწყებული, ადეკვატურ მონეტარულ პოლიტიკამდე. ეს ყველაფერი არის ჩვენი პრობლემა და ამ პრობლემებს დაასახელებდა ყველა, ქვეყნის შიგნით თუ გვინდა, მართლა რამის შეცვლა.
ჩვენ არ გვაქვს რესურსები, რომლითაც მოვიზიდავთ და ამასთან, არ გვაქვს მეორე აუცილებელი პირობა ინვესტორებისათვის - დაცულობა. არ არის კერძო საკუთრება დაცული და არ გვაქვს სასამართლო. ის, რაც გასულ წელს კავკასუს ონლაინთან მიმართებით მოხდა ( სპეც მმართველის დანიშვნა) ხომ გამორიცხავს, რომ ჩვენთან ახალი ინვესტორი შემოვა? რამდენიც უნდა იყოს გადასახადი. ეს არის ფუნდამენტური საკითხები.
მე მგონია, რომ არ გეგმავენ პრობლემის მოგვარებას და სჭირდებათ შირმა, რომ ყველაფერი კარგად არის. მეორეს მხრივ კი უნდათ, არა ფუნდამენტური, არამედ ისეთი რეფორმების გატარება, რაც ევროპაში მოეწონებათ“- აცხადებს რაქვიაშვილი ,,საქმეში“.
ცნობისთვის, პრემიერს FDI-ს მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი ეყოლება - პოზიციაზე ვაზილ ჰუდაკი დაიკავებს.