აშშ-ის ხელისუფლებაში ახალი ადმინისტრაციის მოსვლიდან 100 დღეში რეკორდულად ბევრი, 1,5 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა. აღნიშნულ სტატისტიკაზე განცხადება თავად პრეზიდენტმა ბაიდენმა თეთრ სახლში განაცხადა, რა დროსაც ქვეყნის ეკონომიკის რეაბილიტაციაზე ისაუბრა.
„როგორც გავიგეთ პარასკევს, აშშ-ის ეკონომიკამ აპრილში 266 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ჯამში ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან 100 დღეში შექმნილია 1,5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი. ეს ნებისმიერი სხვა პრეზიდენტის საქმიანობის 100 დღეზე უფრო მეტია“, - განაცხადა მან.
მანვე აღნიშნა, რომ ექსპერტები პროგნოზირებენ ამერიკის ეკონომიკის რეკორდულ ზრდას. „როგორც ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, ამერიკის გადარჩენის 1,9-ტრილიონიანი გეგმის შედეგად უნდა ველოდოთ ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ ტემპს ბოლო 40 წლის განმავლობაში. ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, აშშ-ის შრომის სამინისტრომ განაცხადა, რომ აპრილში ამერიკაში სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა 266 ათასით. The Washington Post-ის ცნობით კი, მარტში 916 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა.
ცნობისათვის, გასული წლის აპრილში პანდემიის პირობებში შტატებში უმუშევრობის დონე 14,7% იყო, მაისში - 13,3%, ივნისში - 11,1%, ივლისში 10,2%, აგვისტოში - 8,4% და სექტემბერში - 7,9%.