„მისასალმებელია, საქართველოს მრჩევლის სტატუსით, ისეთი პროფესიონალის მოწვევა, როგორიც ვაზილ ჰუდაკია. თუმცა, არსებულ გარემოში მისი როლი იქნება უფრო ფორმალური“ - ასე შეაფასა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ პრემიერის მიერ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, სპეციალური მრჩევლის დანიშვნა.
მისივე შეფასებით, ეს კიდევ ერთი პიარული სვლაა, რადგან იმ გარემოში, რომელშიც დღეს, საქართველო იმყოფება, მრჩეველს არანაირი ბერკეტი და საშუალება არ აქვს, რომ საკუთარი ცოდნა/გამოცდილება/კონტაქტები ეფექტურად გამოიყენოს.
„ისეთი პროფესიონალის მოწვევა მრჩევლის სტატუსით, როგორც ჰუდაკია, მისასალმებელია, რადგან ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კონტაქტი საერთაშორისო ინვესტორებთან და მან იცის - როგორ ელაპარაკოს ინვესტორებს. მაგრამ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე - რამდენად ეფექტური იქნება, ასეთი პროფესიონალი ადამიანის გამოყენება იმ სიტუაციაში, რომელშიც ვიმყოფებით. თუ ამ ადამიანს კარგი პირობები შევუქმენით, შეუძლია პოზიტივი მოიტანოს, მაგრამ არსებულ გარემოში მისი როლი უფრო ფორმალური იქნება. ეს კიდევ ერთი პიარული სვლაა, რადგან იმ გარემოში, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება, მრჩეველს არანაირი ბერკეტი და საშუალება არ აქვს რომ საკუთარი ცოდნა/გამოცდილება/კონტაქტები ეფექტურად გამოიყენოს.
მხოლოდ გამოცდილი მრჩევლის დაქირავება ზღვაში წვეთია. არის ისეთი ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება ნულზე დაიყვანონ ასეთი ადამიანის მუშაობა. ეს არის, მათ შორის, სახელმწიფო მანქანის ბიუროკრატია და არაეფექტურობა. ამას გარდა, გვაქვს მთელი რიგი ფაქტორები, რომლებიც უშლის ხელს ინვესტორების მოზიდვას. მაგალითისთვის, თუ გვინდა ინვესტორების მოზიდვა წარმოების სექტორში, არის ურთულესი, რადგან კვალიფიციური მუშახელი არ გვყავს. იმისათვის, რომ დავაინტერესოთ ინვესტორი, უნდა გავზარდოთ მუშახელის ტექნიკური კვალიფიკაცია, უნდა ჩავატაროთ სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაცია,“-განაცხადა ქობულიამ.