ციფრული გაყიდვების სისტემების ერთ-ერთმა ლიდერმა ავტოინდუსტრიის სფეროში, კომპანია SpinCar-მა ქართული სტარტაპი Pulsar AI შეიძინა. ამის შესახებ გლობალური კომპანია თავად წერს.
“Pulsar-ის ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგია ინტეგრირდება SpinCar-ის პლატფორმაში. თანამშრომლები კი SpinCar– ის წარმოებისა და კვლევის ორგანიზაციის ნაწილი გახდებიან. შენაძენი საშუალებას მისცემს SpinCar– ს გააფართოოს მომხმარებლების მონაცემები და ციფრული შინაარსის აქტივები“ – წერს SpinCar.
SpinCar-ის თანადამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორის (CEO) დევინ დალის განცხადებით, Pulsar AI-ს მანქანური დასწავლის ინჟინრებმა, პროგრამისტებმა, მონაცემთა მეცნიერებმა, ლინგვისტებმა და მენეჯმენტის გუნდმა, დღესდღეობით არსებული ერთ-ერთი მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია შექმნეს.
“Pulsar- ის შესყიდვა, საავტომობილო ინდუსტრიაში ჩვენი ზრდის სტრატეგიის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს” - განაცხადა SpinCar-ის თანადამფუძნებელმა და სტრატეგიულმა ოფიცერმა მაიკლ ქვიგლიმ.
ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის საქართველოში დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ 2016 წელს დაიწყეს.
2019 წელს გუნდს სოფო ჭყოიძეც შეუერთდა და ავტომობილების საცალო ვაჭრობისთვის, მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგიის მწარმოებელი კომპანია Pulsar დააარსეს. Pulsar-მა 2019 წელს სილიკონის ველზე 1.2 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა და უმოკლეს დროში გახდა პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი, წარმატებული გლობალური “Exit” - ით. კომპანიას მხარს აქტიურად უჭერდა ქართველ-ამერიკელი ანტერპრენერი ჯორჯ არისონი და გუნდს ავტო-ინდუსტრიის საცალო გაყიდვების სფეროში უნიკალური შესაძლებლობების იდენტიფიცირებაში ეხმარებოდა. Pulsar ასევე ერთ-ერთი პირველი იყო იმ კომპანიებს შორის, რომელმაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან (GITA) მხარდაჭერა მიიღო.
Pulsar Conversational AI-ის პლატფორმა ავტომატიზებული დიალოგის საშუალებით როგორც იმეილის არხში, ასევე sms-ით, აკავშირებს ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან. კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფა - ავტომატური კომუნიკაცია, ელ.ფოსტისა თუ SMS არხში შემოსულ მომხმარებელთა მოთხოვნების განუსაზღვრელ რაოდენობაზე პასუხის გაცემას კვირაში 7 დღის განმავლობაში, 24 საათის განმავლობაში შესაძლებელს ხდის.
“SpinCar -მა მთელს მსოფლიოში, ათასობით ავტო-დილერს შორის სანდო პარტნიორის სახელი დაიმკვიდრა. ორივე კომპანია ვიზიარებთ საერთო იდეას, რომ ტექნოლოგიები ზრდის ოპერაციების ეფექტურობას, რაც მომხმარებელს უადვილებს დისტანციურად ყიდვა-გაყიდვის პროცესს. ინოვაციები, რომლებიც Conversational AI-ის მიმართულებით შევქმენით, დიალოგის ავტომატიზაციაში ახალ სტანდარტს ქმნის” - ამბობს პულსარის თანადამფუძნებელი და CEO დაჩი ჭოლაძე.
ტრადიციული ბიზნეს მოდელის მქონე სადილეროებს, ციფრული ტრენდების სწრაფ განვითარებასთან გამკლავება უწევთ. Spincar-ის მონაცემების სიმრავლე ათასობით სადილეროს შესაბამისი ეფექტურობის მიღწევაში ეხმარება. Pulsar-ის შესყიდვის შემდეგ, SpinCar-ის ოფისები: ნიუ-იორკში (სირაკუსი), სან-ფრანცისკოში, თბილისში, მანჩესტერსა და ტორონტოში იქნება წარმოდგენილი.
SpinCar– ის შესახებ
SpinCar ავტო-დილერებს და ავტო-ინდუსტრიაში მოთამაშე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ციფრული გაყიდვების სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. კომპანია ქმნის ისეთ პროდუქტებს, სადაც კლიენტი ციფრულ სივრცეში იგივე გამოცდილებას იღებს, რასაც შოურუმში ვიზიტის დროს.
დღეისათვის კომპანია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში, 1.5 მილიარდზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა.