აპრილში სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში დასაქმებულთა რაოდენობა, დამატებით, 652 ათასი ადამიანით გაიზარდა. ინფორმაციას სამხრეთ კორეის რესპუბლიკის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.
ქვეყანაში დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ 27,21 მილიონი ადამიანი შეადგინა. პანდემიის გამო ეს მაჩვენებელი, გასული წლის მარტიდან მოყოლებული, იკლებდა და პირველად ზრდა მხოლოდ მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირდა. 2014 წლიდან დღემდე, დასაქმებულთა რაოდენობა ყველაზე მეტად აპრილში გაიზარდა.
ქვეყანაში დასაქმებულთა 66,2% 15-დან 64 წლამდე ასაკისაა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1,1%-ით მეტია.
მაჩვენებელი გაზრდილია ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროშიც, სადაც 224 ათასი პირია დასაქმებული. 141 ათასი ადამიანი მშენებლობის, 107 ათასი კი ლოჯისტიკის სექტორში მუშაობს. ბოლო დროს დასაქმებულთა რაოდენობა სასტუმრო ბიზნესისა და მრეწველობის დარგებშიც იზრდება. თუმცა საცალო-საბითუმო ვაჭრობისა და მომსახურების სფეროებში, ასევე, სპორტისა და ხელოვნების დარგში დასაქმების მაჩვენებელი შემცირებულია.
გასულ თვეს უმუშევართა რაოდენობამ სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში 1,147 მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც 2020 წლის აპრილის მაჩვენებელზე 25 ათასით ნაკლებია. უმუშევრობა 0,2%-ით შემცირდა და 4% შეადგინა.