უმსხვილესმა ავსტრალიურმა ავიაკომპანია Qantas-მა, რომელსაც საერთაშორისო ავიამიმოსვლის აღდგენა ოქტომბერში ჰქონდა დაგეგმილი, ვადა ორი თვით გადაწია. ამის მიზეზად კომპანიაში ვაქცინაციის ეროვნული პროგრამის შეფერხებას ასახელებენ.
„ჩვენ კვლავ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და გვჯერა, რომ ეროვნული ვაქცინაციის პროგრამის დასრულებისთანავე საზღვრები გაიხსნება. თუმცა რთულია ივარაუდო, თუ როდის და პირველად რომელი ქვეყნებისთვის მოხდება ეს. ჩვენ საერთაშორისო ფრენების განახლებას დეკემბრისთვის ვგეგმავთ ან ვითარებიდან გამომდინარე, ისევ გადავხედავთ ამ ვადებს,“ - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ მომენტისთვის კომპანიას კავშირი აქვს ყველა იმ პირთან, რომელსაც 31 ოქტომბრისა და 19 დეკემბრის მონაკვეთში ფრენებზე ბილეთები ჰქონდა დაჯავშნული. თუმცა ასეთი კლიენტების რიცხვი დიდი არ არის.
ეროვნული პროგრამის მიხედვით, ავსტრალიის 25-მილიონიანი მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო. თუმცა ვაქცინის დოზების მიწოდებაში შეფერხების გამო ქვეყნის ხელისუფლებამ ვადა გადაწია.
ავსტრალიაში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესებულია, თუმცა ქვეყნის საზღვრები 2020 წლის 24 მარტიდან ჩაკეტილია. ბოლო დღეღამეში ინფიცირების მხოლოდ 7 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში სულ 29 939 შემთხვევა დაფიქსირდა და 910 პაციენტი გარდაიცვალა. ავსტრალიაში მასობრივი იმუნიზაცია 20 თებერვალს დაიწყო და ამ დროისთვის 2,7 მილიონი პირია აცრილი.