ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადობრივი ტრანსპორტის შესაბამისი ხსნარებით ყოველდღიური დამუშავება გაგრძელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძე განმარტავს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბაგიროში პირბადის ტარება კვლავ ძირითად პირობად რჩება.
„ძირითადი პირობა, რაც იყო საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბაგიროში პირბადით მგზავრობა, რა თქმა უნდა, რჩება. ეს პირობა უნდა გავითვალისწინოთ, რათა დავიცვათ ჯანმრთელობის უსაფრთხოება და ერთმანეთის სიცოცხლე.
რაც შეეხება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოებას, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება შესაბამისი ხსნარებით. პრევენციული ღონისძიებები, რომელიც დღემდე ტარდებოდა, მომავალშიც გაგრძელდება“, - აცხადებს კალაძე.
შეგახსენებთ, დღეიდან მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა.