ქართული კომპანიის პროდუქციას, რომელიც ცხოველთა საკვებ დანამატად გამოიყენება ევროპის ბაზრის 40%-მდე უჭირავს

„ემენ ქემიკალ ჯორჯია“ ერთ-ერთია იმ წარმატებულ კომპანიებს შორის, რომელთაც პანდემიური 2020 წლის გამოწვევები არათუ დაძლიეს, არამედ ზრდა და ახალი ინვესტიციის განხორციელებაც შეძლეს.

საწარმო რუსთავში მდებარეობს და 100 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. წარმოებული პროდუქცია შედის ევროპის, აზიის, ავსტრალიისა და აფრიკის ბაზარზეც კი. „ემენ ქემიკალ ჯორჯიას“ ძირითადი პროდუქტი არის მანგანუმის ოქსიდი, რომელიც ცხოველთა საკვები დანამატია და პრემიქსის წარმოებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. მასზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა იმ ქვეყნების მხრიდან, სადაც მეცხოველეობა კარგად არის განვითარებული. ამ ქვეყნებში საკმაოდ აპრობირებულია პრემიქსის გამოყენება საფერმე ცხოველებისა და ფრინველების საკვებ რაციონში, იგი ცხოველის სწრაფი ზრდისთვის და სასურველი კონდიციის მიღებისთვის არის საჭირო.

„უშუალოდ ჩვენი პროდუქტის მანგანუმის ოქსიდის შემცველობა პრემიქსში ხელს უწყობს ძვლის ფუნქციის ჩამოყალიბებას, მეტაბოლიზმისა და რეპროდუქციულობის ფუნქციის გაუმჯობესებას. საშუალება გვაქვს, ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის ნედლეული, რომელიც მთლიანად ექსპორტზე გაგვაქვს. საქართველოში ჩვენი ძირითადი პარტნიორია „ჯორჯიან მანგანეზი“ და მისი შვილობილი კომპანია „ემენ კორპი“, რომლისგანაც ვიღებთ მადნის კონცენტრატს, თუმცა ნედლეული ასევე უცხოეთიდანაც შემოგვაქვს, რათა დივერსიფიცირებული გვქონდეს მოწოდების ჯაჭვი“, - განმარტავს მიხეილ ბუსხრიკიძე.

shidasada-1620892370.jpg

„ემენ ქემიკალ ჯორჯია“ ასევე აწარმოებს მანგანუმის დიოქსიდს, რომელიც აგურის წარმოებასა და კერამიკულ პროდუქციაში გამოიყენება ფერის პიგმენტად. ბოლო ორი წელია დაიწყეს მაღალი ხარისხის მანგანუმის ოქსიდის წარმოებაც, რომელიც შემდუღებელი ელექტროდების ნედლეულს წარმოადგენს.

„2020 წელი რომ შევაჯამოთ, ექსპორტზე გავიტანეთ დაახლოებით 14 000 ტონამდე მანგანუმის ოქსიდი, ხოლო მანგანუმის დიოქსიდი დაახლოებით 1500 ტონა; ასევე, მაღალი ხარისხის მანგანუმის ოქსიდი - დაახლოებით 800 ტონამდე“, - განმარტავს მიხეილ ბუსხრიკიძე.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ცხოველთა საკვები დანამატი პრემიქსი არ იწარმოება და ის მთლიანად უცხოეთიდან არის იმპორტირებული, ამიტომაც „ემენ ქემიკალ ჯორჯიას“ პრემიქსის საწარმოებლად ნედლეული მთლიანად ექსპორტზე გააქვს. მაღალი ხარისხის, კონკრენტული ფასის, მოქნილი ლოგისტიკური პირობების და მაღალკვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურების შედეგად კომპანიამ შეძლო და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ბაზარზე. 2020 წლის 1-ელ სამ კვარტალში კომპანიამ ევროპის ბაზარზე გაყიდვების 40%-მდე წილი აითვისა.

„ევროპაში ხშირი „ლოქდაუნის“ გამო გვქონდა გამოწვევებიც, თუმცა ცხოველთა კვებაზე მოთხოვნა მუდმივად არსებობს და გაყიდვები არ შემცირებულა. შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელი ჩვენთვის წარმატებულიც აღმოჩნდა. „ემენ ქემიკალ ჯორჯიასა“ და მის შვილობილ კომპანია „სულფეკოში“ განხორციელდა საქართველოს ბანკის ინვესტიცია. აღნიშნული დაფინანსება სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ის მხარდაჭერით მოხდა და ის სრულად მოხმარდება ახალი ქიმიური პროდუქტების საწარმოების მშენებლობა-განვითარებას. კერძოდ, „ემენ ქემიკალ ჯორჯია“ მანგანუმის სულფატის საწარმოო ხაზს ააშენებს, ხოლო შვილობილი კომპანია „სულფეკო“ განახორციელებს გოგირდმჟავის საწარმოს მშენებლობა-ოპერირებას. აღნიშნული პროდუქტები სოფლის მეურნეობის დარგში სასოფლო-სამეურნეო მიწების განოყიერება-გამდიდრებისთვის გამოიყენება და ძირითადად საექსპორტო ბაზრისთვისაა განკუთვნილი. ახალი საწარმოები თანამედროვე ტექნოლოგიით აშენდება და სრულად იქნება დაცული გარემოზე ზემოქმედების სტანდარტები, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყანაში ეკოლოგიური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

ზემოთ აღნიშნული ინვესტიცია ერთიორად გაზრდის კომპანიის საექსპორტო ბრუნვას და ქვეყანაში ვალუტის შემოდინებას შეუწყობს ხელს. ასევე 70-მდე დამატებითი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება ადგილობრივი რუსთაველებისთვის.