ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრმა MIT-ის პროფესორის ბილ ოლეტის ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელო, მსოფლიო ბესტსელერი ქართულ ენაზე გამოსცა.
გამოცემა, სახელად, ,,გამართული ანტრეპრენერობა: 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად’’ მსოფლიოს 21 ენაზეა ნათარგმნი და 200-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება სტარტაპების, დამწყები მეწარმეების, მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების, ბიზნესაქსელერატორებისა და ინკუბატორების მიერ. წიგნი თანმიმდევრულად აღწერს იმ საფეხურებს, რომელიც ანტრეპრენერმა ბაზრის სეგმენტაციიდან, პროდუქტის გეგმის შემუშავებამდე უნდა გაიაროს, რომ წარმატებული სტარტაპი შექმნას.
როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, ეს არის სახელმძღვანელო, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის შესახებ წარმოდგენას სრულად ცვლის.
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით და აშშ–ს საელჩოს მხარდაჭერით, ჩვენ შევძელოთ ქართულ ენაზე გამოგვეცა ბესტსელერი, რომელიც მეწარმეებს ასწავლის 24 თანმიმდევრულ ნაბიჯს, თუ როგორ უნდა იყვნენ, წარმატებული ტარტაპერები ბაზარზე და როგორ შექმნან პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს ნამდვილად აინტერესებს. წიგნის გამოცემის შესაძლებლობა MIT–ის სამეწარმეო ცენტრის წევრობამ მოგვცა. მისი ავტორი სწორედ MIT–ის სამეწარმეო ცენტრის დამფუძნებელია. მისი მიდგომა სამეწარმეო საქმიანობის მიმართ არის ნამდვილად რევოლუციური. აქამდე არსებული სახელმძღვანელოები და კვლევის შედეგები რადიკალურად განსხვავდება ბილ ოლეტის ხედვისგან,“ – განაცხადა ნინო ენუქიძემ.
წიგნის გამოცემის შესახებ შეთანხმება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს (MIT) შორის პარტნიორობის შედეგად მოხდა, როდესაც BTU MIT-ს უმსხვილესი სამეწარმეო ქსელის, Martin Trust Center-ის წევრი გახდა. ეს BTU-ს მიერ გადადგმული კიდევ ერთი მნიშნელვანი ნაბიჯი იყო საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის.
,,აღნიშნული წიგნის ქართულ ენაზე თარგმნა წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყანაში ინოვაციების და მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით და ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას'' - რაიან ჰარისი, აშშ-ს ელჩის მოადგილე.
„ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის ერთ–ერთი აქტიური კონტრიბუტორია. ის რის ფასილიტატორი, სექტორის მნიშვნელოვანი რგოლების დამაკავშირებელი. უნივერსიტეტის ეს საქმიანობა საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას, ასევე ამ მიმართულებით განათლებას სხვა დონეზე აიყვანს. მისი საგანმანათლებლო საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პრაქტიკაზე დაფუძნებულ განათლებას აძლევს როგორც სტუდენტებს, ისე სტარტაპებს,“ – აღნიშნა დეპუტატმა მარიამ ლაშხმა.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინიციატივით გამოცემული წიგნის პრეზენტაციას სტარტაპების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ისინი აღნიშნავენ, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ლიტერატურა ქართულ ენაზე არსებობდეს და საქმიანობაში აქტიურად გამოიყენებენ.
წიგნის ავტორი ბილ ოლეტი MIT-ს მეწარმეობის ცენტრს ხელმძღვანელობს. ის ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, კომპანია IBM-ის ტოპ მენეჯმენტის ყოფილი გუნდის წევრი, სერიული მეწარმე მრავალმილიონი საინვესტიციო პორტფელით, არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა და აღიარების მქონე ბესტსელერი წიგნების ავტორია. 2021 წელს აშშ-ში ბილ ოლეტს წლის სამეწარმეო განმანათლებლის სპეციალური ჯილდო მიენიჭა.
წიგნის ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა გამომცემლობა პალიტრა L-სა და ბიზნესლიტერატურის სერია „ლურჯ ოკეანესთან“ თანამშრომლობით მოხდა. ის საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამის ფარგლებში გამოიცა.