საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 30 აპრილს შეავსო. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მის სახელზე მხოლოდ 1000 კვ.მ მიწაა რეგისტრირებული, რომელიც პროკურორის ოჯახმა 17 000 აშშ დოლარად შეიძინა, 2019 წელს კი, ირაკლი შოთაძეს საჩუქრად გადაეცა.
რაც შეეხება სხვა უძრავ ქონებას, ის გენერალური პროკურორის მეუღლის სახელზეა გაფორმებული. კერძოდ, ნინო გოტიაშვილს ეკუთვნის: 1305 კვ.მ მიწის ნაკვეთი წავკისში, რომელიც 2021 წელს 123 100 აშშ დოლარად შეიძინა; ასევე, 3 ავტოსადგომი, თბილისში, რაშიც 2019 წელს ჯამში 15 000 ლარი გადაიხადა.
გარდა ამისა, ნინო გოტიაშვილის სახელზეა 2016 წელს 100 000 აშშ დოლარად შეძენილი 150,5 კვ.მ ბინა თბილისში, 1092 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფელ ალგეთში, რომლის ღირებულება მითითებული არ არის და ამავე ტერიტორიაზე 87 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 10 000 ლარია გადახდილი.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ირაკლი შოთაძე ფლობდა : "თი–ბი–სი ბანკის“ მიმდინარეზე - 2 243 ლარს, "საქართველოს ბანკის“ მიმდინარეზე - 30 715 ლარს, ხოლო დანაზოგის სახით, 45 000 ლარს.
დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი შოთაძეს "სილქნეტის" იურიდიული კონსულტანტის სტატუსით , 48 დღეში (2020 წლის იანვრიდან -17 თებერვლამდე) აღებული აქვს 20 000 ლარი. გარდა ამისა, 2020 წელს იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტშ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი, სადაც ხელფასის სახით 3443 ლარი მიიღო; ხოლო, საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, 2020 წლის 17 თებერვლიდან 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით - 67 511 ლარი.
რაც შეეხება ირაკლი შოთაძის მეუღლეს, დოკუმენტის მიხედვით, ის „სილქნეტის“ იურისტია, სადაც ერთ წელში (2020 წელს) ხელფასის სახით 20 600 ლარი მიიღო.
როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, გენერალურ პროკურორს ქველმოქმედების სახით 5 500 ლარი აქვს დახარჯული.