დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დიდი ალბათობით, ქვეყანა „სინოფარმის“ დამატებით 250 ათას დოზას ივნისის დასაწყისში მიიღებს.
როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ვაქცინების ე.წ. გარანტირებული მარაგები წარმოადგენს.
„ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ე.წ. გარანტირებული მარაგებია. გარანტირებული მარაგების თვალსაზრისით, შემოსული და ხელუხლებელია 43 ათასი დოზა „ასტრაზენეკა“, რომელიც იმ დოზებთან ერთად გამოიყენება, რომელიც არსებობს წინა 43 ათასიდან.
შემოსულია „სინოფარმი“ რომელიც გამოიყენება. არის „სინოვაკის“ 100 ათასი დოზა, რომელიც განსაზღვრული იქნება 50 ათასი მოქალაქისთვის.
რამდენიმე დღეში უნდა გადაწყდეს „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მოწოდების თარიღები. ეს დიდი ალბათობით, უნდა იყოს ივნისის დასაწყისი. პირველ ეტაპზე დაახლოებით 250 ათასი დოზა, შემდეგ კიდევ 250 ათასი. გარდა ამისა, მოლაპარაკები რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს“, - აცხადებს გამყრელიძე.