მომავალი კვირიდან პარლამენტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სამი თვის შესრულების ანგარიშის განხილვას იწყებს.
როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა დოკუმენტის განხილვის გრაფიკი უკვე გაწერილია. მისი თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტი არის საინტერესო.
ბიუროს სხდომაზე ირაკლი კოვზანაძემ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების რამდენიმე პარამეტრზე გაამახვილა ყურადღება. „ მარტი არის პირველი თვე ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რაც რეცესიიდან გამოვედით და ეკონომიკური ზრდა იყო 4 %, თუმცა პირველ კვარტალში ეკონომიკა 4.2 % ით შემცირდა. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებს 69.2 ლარით ნაკლები მივიღეთ ვიდრე დაგეგმილი იყო, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო პირველ კვარტალში.
რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, რომელიც ყოველთვის ინდიკატორია და გვაჩვენებს რა სიტუაცია გვაქვს, უფრო მეტი მივიღეთ ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. კერძოდ 2 661,3 მლნ ლარი იყო დაგეგმილი და კვარტლის გეგმას საგადასახადო შემოსავლებმა გადააჭარბა 8.5 მლნ ლარით. გადასახადების მიხედვით თუ ჩავშლით: აქციზის გეგმა შესრულდა 83.3 მლნ ლარის გადაჭარბებით, საშემოსავლო გადასახადიდან კლება გვაქვს 16,5 მლნ ლარი, კლებაა დღგ-ს ნაწილშიც-21.6 მლნ ლარი“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ და ყველა კომიტეტს და ფრაქციას მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ განხილვებში.