საქართველოში, კერძოდ, გურიაში Geonuts Company-მ ავოკადოს ბაღი 6 ჰექტარზე გააშენა. მართალია, კომპანია ჯერ არ არის მზად, დეტალურად ისაუბროს ქვეყანაში ავოკადოს წარმოების სამომავლო პერსპექტივებზე, მაგრამ ისინი ადასტურებენ, რომ ამ ეტაპზე მცენარეთა მონიტორინგი მიმდინარეობს.
როგორც East fruit-ი წერს, მწარმოებლები ხილის პირველ მოსავალს მომავალი წლისთვის მიიღებენ. თუმცა, პირველი ქართული ავოკადოს პლანტაცია სრულ ნაყოფიერებაში მხოლოდ 4-5 წლის შემდეგ შევა.
როგორც ცნობილია, Geonuts Company– მ ავოკადოს ნერგები იტალიის სანერგე მეურნეობისგან შეიძინა. პროდუქტის ჯიშები კი საქართველოს კლიმატური მახასიათებლების გათვალისწინებით შეარჩია.
”მსოფლიოში ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტში, ავოკადო ყველაზე სწრაფად მზარდ პოზიციებზეა, რითაც აჭარბებს ბოლო წლების ყველაზე მოთხოვნად ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა: მოცვი, ალუბალი, მანგო და ა.შ. მსოფლიო ბაზარზე ავოკადოში ჩადებული ინვესტიცია წელიწადში საშუალოდ, 780 მილიონი დოლარით იზრდება! ამიტომ, რა თქმა უნდა, ავოკადოს კულტივირების პიონერები მზარდი ტენდენციისკენ მიდიან. თუმცა, უდავოდ არსებობს რისკები - ბოლოს და ბოლოს, საქართველოში ავოკადო კომერციულად ამ დრომდე არავის მოუყვანია ”- ამბობს FAO-ს კვებისა და სოფლის მეურნეობის ინვესტიციების დეპარტამენტის ეკონომისტი ანდრეი იარმაკი.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად ბობოკაშვილი ამბობს, საქართველოში ავოკადოს გაზრდის მცდელობები აჭარისა და აფხაზეთის რეგიონებში გასული საუკუნის 40-50-იან წლებში იყო. თუმცა, წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ჯიშები არ იყო ყინვაგამძლე. მე -20 საუკუნის შუა პერიოდში საქართველოში კლიმატი ზამთარში გაცილებით მკაცრი იყო.
”დღეს საქართველოში კლიმატი ნაკლებად მკაცრია, ასე რომ, შეგვიძლია ვიფიქროთ ავოკადოს მოყვანაზე. თუმცა, ჯიშები სწორად უნდა შეირჩეს. კომერციული ავოკადო უძლებს მაქსიმუმ - 5-6 გრადუსს, მაგრამ არსებობს ისეთი ჯიშებიც, რომლებიც -10-11 გრადუსს გაუძლებს. მაგალითად, მექსიკური ავოკადო. ამიტომ შესაძლებელია, საქართველოში ასეთი ჯიშების მოყვანა“, - აღნიშნა ზვიად ბობოკაშვილმა.
ის მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანა განაგრძობს სხვადასხვა ჯიშის კვლევას და ექსპერიმენტებს, ავოკადო ს წარმოება შეიძლება გახდეს მზარდი სექტორი საქართველოში.
ქართველი მწარმოებლებისთვის კი ნამდვილად კარგი ამბავია ის, რომ ავოკადოს მოხმარება მსოფლიოში სულ უფრო იზრდება, განსაკუთრებით, მის სავაჭრო პარტნიორებში. მაგალითისთვის, საქართველოს მეზობელმა თურქეთმა რუსეთსა და უკრაინაში ავოკადოს ექსპორტით უკვე საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღო.
ცნობისთვის, ავოკადო წლიდან წლამდე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ხდება. ამის მიზეზად კი, მისი განსაკუთრებული შემცველობა სახელდება.
ამასთან, ავოკადოს ფასი ყოველ წელს ძვირდება. ბოლო წლებში მისი ღირებულება 129%-ით გაიზარდა. 2019 წელს ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში ერთი ცალი ავოკადო 2.10 დოლარი ღირდა. როდესაც, ჯერ კიდევ 2018 წელს მისი შეძენა საცალოდ 1.17 დოლარად შეიძლებოდა. ფასმა 2020- 2021 წელს კიდევ უფრო მოიმატა.