მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ლუქს-კლასის პროდუქციის მწარმოებელი ბრიტანული კომპანია Burberry Group-ის მაჩვენებლები 31 მარტს დასრულებულ ფინანსურ წელიწადში 10%-ით შემცირდა. ამასთან, კომპანიამ დივიდენდების გადახდა განაახლა.
Burberry-ის შემოსავლებმა 2,34 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა მაშინ, როცა ერთი წლით ადრე 2,63 მილიარდი სტერლინგის შემოსავალი ჰქონდა, ხოლო კომპანიის მოგებამ შარშანდელი 414 მილიონიდან 366 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე მოიკლო. 433 მილიონიდან 396 მილიონ სტერლინგამდე შემცირდა კომპანიის კორექტირებული საოპერაციო შემოსავლებიც.
თუმცა Burberry-ის ფინანსური წლის ბოლო მეოთხე კვარტალში გაუმჯობესებული მაჩვენებელიც ჰქონდა. მაგალითად, კომპანიის გაყიდვები 32%-ით გაიზარდა.
გუშინდელი ვაჭრობის დროს Burberry-ის აქციების ფასმა 7,9%-ით დაიკლო. კომპანიის კაპიტალიზაცია მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე 8,3%-ით გაიზარდა და 8,44 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.