Reuters-ის ცნობით, უძრავი ქონების გაქირავების პლატფორმა Airbnb-ს პირველი კვარტლის მთლიანმა ჯავშნებმა და მოგებამ გუშინდელ ვაჭრობაზე უოლ-სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა. მთლიანმა კვარტალურმა ჯავშნებმა 52 %-ით მოიმატა და 10,29 მლრდ დოლარს მიაღწია მაშინ, როცა ანალიტიკოსები Airbnb-ს 6,93 მილიარდ დოლარზე მეტ ჯავშნებს არ პროგნოზირებდნენ. Refinitiv-ის ანგარიშის მიხედვით, 31 მარტს დასრულებულ პირველ კვარტალში Airbnb-ს მოგება 5,4%-ით, 886,9 მლნ დოლარამდე გაიზარდა, რამაც 714,4 მილიონი დოლარის შეფასების ნიშნულს გადააჭარბა. აშშ-ში 60 წლის და მეტი ასაკის სტუმრების შეკვეთები მიმდინარე წლის თებერვლიდან მარტში 60%-ზე მეტად გაიზარდა, რადგან ამ ასაკის ადამიანები ვაქცინაციის პირველ ჯგუფს განეკუთვნებიან.
„სწორედ სწრაფმა ვაქციანციამ და შეზღუდვების შემსუბუქებამ განაპირობა ჩვენს პორტალზე შვებულების ჯავშნების მატება,“ - აცხადებენ Airbnb-ში.
სან-ფრანცისკოში ბაზირებულ კომპანიაში მოელიან, რომ მეორე კვარტალში 2019 წლის ანალოგიური მოგება ექნებათ. მეტიც, შიდა ქალაქებსა და საზღვრებს გარეთ ჯავშნების მატებას Airbnb მომდევნო კვარტლებშიც პროგნოზირებს. მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ბრაიან ჩესკი მოელის, რომ კომპანია, ასევე, გრძელვადიანი და ბიზნეს-ჯგუფების მოგზაურთა ჯავშნებისგანაც ნახავს მოგებას.
კონკურენტებთან შედარებით, Airbnb-მ პანდემია შედარებით იოლად გადაიტანა, რადგან სოციალური დისტანცირების დროს გაქირავებაში აქცენტს სივრცით შენობებზე და მსხვილი ქალაქებიდან დაშორებულ ლოკაციებზე აკეთებდა. კომპანიას თებერვლიდან ჯავშნების რაოდენობა დიდ ბრიტანეთშიც სწრაფად მოემატა, როცა მთავრობამ კარანტინის რეჟიმიდან გამოსვლის გეგმა წარადგინა. მოთხოვნა გაიზარდა საფრანგეთშიც, სადაც მიმდინარე თვის დასაწყისში მოგზაურობის შეზღუდვები შემსუბუქდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ