,,კარგი მოვლის შემთხვევაში, 1 ჰექტრიდან 8-9 ათასი დოლარის შემოსავლის მიღება არის შესაძლებელი“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ,,ქართული ზეთისხილის დამფუძნებელმა და მსოფლიო ზეთისხილის საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა.
გიორგი სხვანიძის თქმით, წელს გასულ წელთან შედარებით 2-ჯერ გაზრდილ მოსავალს ელოდებიან, ქართული ზეთისხილი კი რუსეთსა და ნიდერლანდებშიც გაიყიდება.
,,წელს, საკმაოდ კარგი მოლოდინი გვაქვს მოსავლის კუთხით. დაახლოებით 2-ჯერ მეტს ველოდებით გასულ წლებთან შედარებით. მოსავლიანობას ძირითადად ამინდი განაპირობებს.
როცა ჩვენ შემოვედით ბაზარზე, 100% იყო იმპორტი და დღეს უკვე ჩანაცვლებული გვაქვს დაახლოებით 20-22% და პროცესი გრძელდება. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ზეთისხილი, არამედ მისგან წარმოებული ზეთიც. ამ ეტაპზე არ შემიძლია ზუსტ მოცულობებზე და რიცხვებზე საუბარი.
ქართული ზეთისხილი ახლა იწყებს ექსპორტზე გასვლას, კონტრაქტები უკვე არსებობს და ჰოლანდიის და რუსეთის ბაზარზე გავალთ“- განაცხადა სხვანიძემ.
მისივე თქმით, კარგი მოვლის შემთხვევაში, 1 ჰექტრიდან 8-9 ათასი დოლარის შემოსავლის მიღება არის შესაძლებელი.
,,ჩვენთან რეალურად ახლა იკიდებს ეს კულტურა ფეხს, თუმცა ქართული ზეთისხილი ნამდვილად გამოირჩევა ხარისხით და გემოვნური თვისებებით. დეტალებში რომ ჩავიდეთ როგორია მისი პერსპექტივა, საქართველოში 1 ჰექტარზე გაშენებული ზეთისხილის ბაღით 8-9 ათასი დოლარის გარანტირებული შემოსავლის მიღებაა შესაძლებელი. ერთ ჰექტარზე ირგვება დაახლოებით 550 ნერგი. მეოთხე-მეხუთე წელს ერთი ხე მაქსიმუმ 50 კგ-ს, საშუალოდ 15-20 კგ. ნაყოფს იძლევა, რაც დაახლოებით 8-10 ან 12 ტონაა ჰექტარზე. თუ მოსავალი მინიმუმ 8 ტონა იქნება და კილოგრამი 7-8 ლარად გაიყიდება, ეს დაახლოებით 40 ათასი ლარია. გარდა ამისა, 10 ტონა ზეთისხილიდან დაახლოებით 3 ტონამდე ზეთი მიიღება. 1კგ ზეთი კი ბაზარზე მინიმუმ 3.5 დოლარი ღირს. შესაბამისად კარგი მოვლის შემთხვევაში 1 ჰექტრიდან 8 -9 ათასი დოლარის მიღებას შეძლებს ადამიანი.
წეთისხილი, ეს ათასწლიანი კულტურაა. საუკუნეების განმავლობაში ზეთისხილს მოსავალი მოაქვს. ზეთისხილის გაშენება ისეთი საქმეა, რომელიც შთამომავლობას გამოადგება. დღეს დიდ ქსელებთან საუბარი გვიჭირს, რადგან პროდუქცია არ გვყოფნის. რაც მეტი პლანტაცია გაშენდება, მით მეტი პროდუქცია გვექნება ”, - განაცხადა მსოფლიოს საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს პრეზიდენტმა ,,ბიზესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, ქართული ზეთისხილი პირველად 2016 წელს გამოჩნდა და მან ადგილობრივი ბაზრის 10-12% დაიკავა, დღეს კი იმპორტირებული პროდუქტის დაახლოებით 20-22% ჩანაცვლებულია.