საბერძნეთმა ტურისტული სეზონი ოფიციალურად გახსნა. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, სერბეთიდან და ისრაელიდან ვიზიტორებს შეუძლიათ საბერძნეთს ესტუმრნონ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებენ ან ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ.
ქვეყანა ასევე ვაქცინაციის მოწმობებს დანერგავს. ქვეყანაში შუაღამემდე გადაიწია „კომენდანტის საათმაც", რაც იმას ნიშნავს, რომ ბარები და რესტორნები უფრო დიდხანს იქნება ღია.
„საბერძნეთი მზადაა მიიღოს მეგობრები საზღვარგარეთიდან, როგორც ყოველ წელს ხდება, ამჯერად პროტოკოლისა და უსაფრთხოების პროცედურების დაცვით, ისე, რომ ისინი ბედნიერად დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყნებში“, - აცხადებს საბერძნეთის ტურიზმის მინისტრი ჰარი თეოჰარისი.
ტურიზმი საბერძნეთის შემოსავლის ძირითადი წყაროა და მთავრობა იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ვიზიტორები ხელს შეუწყობენ მისი ეკონომიკის აღდგენას. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანას 2019 წელს 34 მილიონი ტურისტი ესტუმრა, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 78%-ით შემცირდა და 7.4 მილიონი შეადგინა.